პოლიტიკური პარტიები კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებით არსებითად ახალ, ტრანსფორმაციულ მიდგომებს თავიანთ წინასაარჩევნო ხედვებში ვერ გვთავაზობენ. ამის შესახებ EMC-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში გამოტოვებული არ არის, თუმცა, ისინი საზოგადოებას ვერ სთავაზობენ მიდგომებს, რომელიც კონფლიქტების მოგვარების ეტაპობრივ და რეალისტურ ხედვებს გააჩენდა.

"პარტიებს კვლავ უჭირთ კონფლიქტის მოგვარებისთვის გარდამტეხი ინიციატივების შეთავაზება, არ აქვთ სათანადოდ გააზრებული წინა წლებში მსგავსი მექანიზმების წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ცვალებადი პოლიტიკური კონტექსტები და განწყობები", — წერია ორგანიზაციის კვლევაში.

EMC-ის თანახმად, პარტიებს, ასევე, არ აქვთ მითითებული, რა მექანიზმებით აპირებენ ადამიანის უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არც შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების დანერგვაზე არსებობს ხედვა.