ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოების მხრიდან პაციენტის რეანიმაციაში განთავსებაზე "არანაირი ამბის ატეხვა" არ არის საჭირო, რადგან ექიმი თავად მიიღებს დროულ გადაწყვეტლებას, სჭირდება თუ არა პაციენტს რეანიმაციაში განთავსება. მისი თქმით, ოჯახმა, რომელიც პაციენტს ექიმს აბარებს, ამაზე "ამბავი არ უნდა ატეხოს".

"არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო, პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭირეობა მას რეანიმაცია თუ არა. რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი — მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია ესაჭირეობა თუ არა მას რეანიმაცია. მეორე — პაციენტი, რომელსაც რეანიმაცია ესაჭირეობა, ვერანაირ ამბავს ვერ ტეხავს. ამიტომ, ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მითუმეტეს არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას, პაციენტის დასაცავად რომელი ნაბიჯი რომლის შემდეგ გადადგას. ამ ატეხილი ამბიდან გამომდინარე ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში", — განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო პერიოდში, ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, აჭარის რეგიონში, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ საავადმყოფოებში ადგილების რაოდენობა საკმარისი არ არის. მოქალაქეების თქმით, ხშირია შემთხვევებიც, როცა პაციენტს სჭირდება რეანიმაციაში გადაყვანა, თუმცა ის ან საერთოდ არ, ან დაგვიანებით გადაჰყავთ.

26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 603. გარდაიცვალა — 14. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, 11 370 უკვე გამოჯანმრთელდა. 215 კი, გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: