აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ახალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ტერტერი და რაიონის სოფლები დაბომბეს.

ბრალდებას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შუამავლობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება ძალაში დღეს, 26 სექტემბერს დილის 8 საათზე უნდა შესულიყო.

რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავი ორივეჯერ მალევე დაირღვა. ბაქომ და ერევანმა ცეცხლის შეწყვეტაში ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა.

DW.com-ის ინფორმაციით, ყარაბაღის კონფლიქტისას სომხეთის მხრიდან 974 სამხედრო და 37 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანის მხრიდან დაღუპული სამხედროების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ბაქო აცხადებს, რომ მათი მხრიდან 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.