ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებთან ერთად ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, "ივანიშვილის ხელისუფლება ჩაფლავდა ყველა გამოწვევის წინაშე" და დღეს მოსახლეობაში არის ცვლილებების მოლოდინი. მისივე თქმით, 31 ოქტომბერს მოქალაქეები უარს ეტყვიან სიღარიბეს, კრიმინალს, ოლიგარქიას, კორუფციას და ქვეყანას ერთად მოუტანენ გარდამტეხ ცვლილებებს.

"ცვლილებები კარს მოგვადგა, ცვლილებები გარდაუვალია, ცვლილებები არის როგორც წყალი, რომელსაც ვერაფრით ვერ გააჩერებ — ვერ გააჩერებ, რაც უნდა მილიონები დაუყენო წინ, ვერ გააჩერებ ვეღარასდროს, მაშინ როცა წყალი უკვე წამოსულია, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოს აზვირთდება და ეუბნება ოლიგარქიას, კორუფციასა და კრიმინალს არას და ეს არა კიდევ ერთხელ გავაგონოთ აქედან, ყველაზე ამაყი ადგილიდან საქართველოში", — განაცხადა უგულავამ, — "ხშირად გვეუბნებიან, რისთვის ვიბრძვით, ამაზე ილია ჭვაჭავაძემ ჯერ კიდევ მე-19 საუკენეში გასცა პასუხი — ეს არის ენა, მამული და სარწმუნოება და მართლაც, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი ენის გადასარჩენად, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ავტოკეფალიისა და რწმენის თავისუფლებისთვის".

უგულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, დადგა ის დრო, როცა "ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დამოუკიდებლობა, შევინარჩუნეთ ჩვენი ენა და მივიღეთ რწმენის თავისუფლებაც". იგი დასძენს, რომ 21-ე საუკუნეში განსხვავებული გამოწვევებია და ქართული სახელმწიფოც სხვა რამეს ეფუძნება.

"პირველი ეს არის თავისუფლება, როგორც ადამიანის უზენაესი ნება და ლტოლვა სრულყოფილებისაკენ. მეორე ეს არის დემოკრატია, მესამე კი — მშვიდობა და უსაფრთხოება, რადგან მშვიდობის გარეშე არ არის არც დემოკრატია და არც თავისუფლება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება მშვიდობამდე არ დაიყვანება, თავისუფლება უფრო მეტია. ბოლოს, ეს არის კეთილდღეობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. კეთილდღეობა ნიშნავს სამუშაოებს, ნიშნავს უზრუნველყოფილ სიბერეს. რა იყო 2012 წელს ქართული საზოგადოების ოცნება. მისი ქართული ოცნება იყო დემოკრატია, მაგრამ არ ყოფილა კორუფცია და ოლიგარქია, მისი ქართული ოცნება იყო მშვიდობა, მაგრამ არ ყოფილა გაპარპაშებული, გაქსუებული ბიუროკრატია, მისი ქართული ოცნება იყო კეთილდღეობა და შედეგად მიიღო 800 ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი და 80 ათასი ბავშვი, რომელიც დღეს შიმშილობს. შედეგად მიიღო 3 დოლარის ანაბარად დატოვებული პენსიონერი; შედეგად მიიღო კორუფცია და უსუსურ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო მოზღვავებული გველეშაპის — პანდემიის წინაშე", — აღნიშნა უგულავამ, — "მაშინ ბუნებრივად ისმის კითხვა — რად გვინდა მთავრობა, რომელმაც ჩააფლავა უმუშევრობასთან ბრძოლა, რომელმაც ჩააფლავა კრიმინალთან ბრძოლა, ჩააფლავა პანდემიასთან ბრძოლა? რად გვინდა მთავრობა, რომელიც აღარ ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე, დასაქმებასა და უსაფრთხოებაზე? ასეთი მთავრობა უნდა
წავიდეს და წავა 31-ში. გავაგონოთ ჩვენი ხმა ივანიშვილს, რომელსაც აღარც ყურები აქვს, აღარც თვალები, ვარდისფერი სათვალით უყურებს ყველაფერს და ამ ვარდისფერ სათვალეს გვაჩეჩებს, როგორც სინამდვილეს. ასე აღარ გაგრძელდება", — განაცხადა უგულავამ.