ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგი უგულავასა და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგა ბოკერიასთან, ერთად ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს არსებულ გაჭირვებას, უიმედობასა და უპესპექტივობას აუცილებლად შეცვლის 31 ოქტომბრის არჩევნები და ევროპული საქართველოს გეგმა, რომელიც ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

"ჩვენი ბრძოლა არ არის პარტიული ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არ არის ევროპული საქართველოს ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა გარდამტეხი ცვლილებებისათვის საქართველოში, რომელიც უნდა მოიტანოს ევროპულმა საქართველომ და 2 ნომერმა", — განაცხადა ბაქრაძემ, — "დღეს ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე კრიზისში, საქართველოში არის ათეულობით ათასი ოჯახი, სადაც არცერთი ადამიანი არ მუშაობს და არცერთი ხელფასი არ შედის, საქართველოში არის ათეულობით ათასი ოჯახი, რომელთა საარსებო წყაროს წარმოადგენს პენსია და სოციალური დახმარება, არის ძალიან ბევრი პენსიონერი, ვისაც საკუთარი პენსია თვიდან თვემდე წამლის საყიდლად არ ჰყოფნის, საქართველოში
დაბრუნდა დრო, როდესაც დედას ქუჩაში საკუთარი შვილის გაშვების ეშინია, საქართველოში დაბრუნდა უიმედობა და ყველაზე მძიმე შეკითხვა შევარდნაძის წარსულიდან — "გვეშველება რამე?!"

ბაქრაძის თქმით, საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, ხოლო ცვლილებების დაწყების თარიღი სწორედ 31 ოქტომბრის არჩევნებია.

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი შანსი, თუ ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, თუ ჩვენ 31 ოქტომბერს არ წავედით არჩევნებზე, თუ ჩვენ 31 ოქტომბერს არ შევცვალეთ ცხოვრება, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი 4 წელიც და კიდევ არაერთი წელიც ვიქნებით უიმედობაში, რადგან დანგრეულის აშენებას ბევრად მეტი სჭირდება. ბევრი წელი ვიქნებით სიღარიბეში, გაჭირვებაში, ტყუილში და იმ ყველაფერში, სადაც ჩვენ შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ, უნდა ვუთხრათ არა ოცნებას, შემოვხაზოთ ევროპული საქართველო და ყველამ ერთად წავიყვანოთ ეს ქვეყანა წინ", — აღნიშნა ბაქრაძემ.