ევროპულმა საქართველომ ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარში გამართა. მასში მონაწილეობა მიიღო პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ.

უგულავას განცხადებით, მარშის მიზანია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ უთხრან ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოიწურა. მარშის შემდეგ, ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის სხვა ლიდერებთან, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიასთან ერთად, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

"ზუგდიდი ივანიშვილის წინააღმდეგ დაიძრა ანაკლიიდან და ქალაქის გავლით რუხის ციხემდე მივა, იქნება შეძახილები, მივალთ საოკუპაციო ზონამდე, იქნება ხმაური და შეძახილები, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს — უნდა წავიდეს იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს პანდემიასთან, უმუშევრობასთან და კრიმინალთან ბრძოლა და აღარ არსებობს არანაირი არგუმენტი, რატომ უნდა დარჩეს ეს მთავრობა. დღევანდელი დღე იქნება ამის სიმბოლო, სწორედ ზუგდიდიდან დაიწყება ცვლილებები ამ ყოვლად სამარცხვინო და პროპაგანდისტული რეჟიმის წინააღმდეგ და ზუგდიდი ეტყვის მას ყველაზე მკაცრ სიტყვას, სწორედ იმის გამო, რაც დამართა ივანიშვილის
რეჟიმმა ამ ქალაქსა და რეგიონს", — განაცხადა უგულავამ.