სტრატეგია აღმაშენებელმა ქუთაისში წინასაარჩევნოდ იმერეთის დასკვნითი ღონისძიება გამართა. პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს სტრატეგია აღმაშენებელის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც, მისივე თქმით, სამ მნიშვნელოვან პრინციპზეა დაფუძნებული, კერძოდ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, ქვეყნის მოდერნიზაცია და გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.

ვაშაძის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა ქვეყნისათვის, ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდის ფიქრი და დაუღალავი შრომა ქვეყნის მომავლისათვის".

"მივესალმები ქუთაისს, ჩემს იმერეთს, სრულიად საქართველოს. ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო. ახლა ტელეეთერიდან გვადევნებს თვალს. მე მიხარია, რომ აღმშენებლობის ახალ ეროვნულ იდეას, რასაც სტრატეგია აღმაშენებელი წარმოადგენს, ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს ყველა ქალაქსა და სოფელში. სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არის სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაფუძნებული მოძრაობა: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, ქვეყნის მოდერნიზაცია და გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.

"სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არის აღმშენებლობის ახალი ეროვნული იდეა, ახალი შესაძლებლობა ყველასთვის, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ წარმატებას მივაღწევთ მაშინ, როცა იმ ეროვნულ ენერგიას, რასაც ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, აღმშენებლობისკენ მივმართავთ", — განაცხადა ვაშაძემ, — "სტრატეგია აღმაშენებელი არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა. ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის. სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა ქვეყნისათვის. ეს არის ფიქრი და დაუღალავი შრომა შენი ქვეყნის მომავლისათვის. სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არ არის ჩვენი კულტურის ჩაკეტვა, იზოლაცია, პირიქით — ეს არის ჩვენი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მთელ მსოფლიოში გატანა. სტრატეგია აღმაშენებელი ეს არის გლობალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი საქართველო. დაბოლოს, სტრატეგია აღმაშენებელი არ არის ერთი წლის, თუნდაც ერთი თაობის პერსპექტივიდან დანახული საქართველო, არამედ ეს არის ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ახლებური გააზრება.
მეგობრებო, დღეს სამწუხაროდ ქვეყანაში ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით უმძიმესი ვითარებაა. უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი, სხვა არჩევანს არ გვიტოვებს, გარდა იმისა, რომ მე, ჩემს გუნდთან და სხვა ათასობით პატრიოტ ადამიანთან ერთად, ჩვენს თავზე ავიღოთ ურთულესი პასუხისმგებლობა უსამართლობასთან, სიღარიბესთან და მონოპოლიებთან ბრძოლისა. მე მჯერა, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ".

ვაშაძის თქმით, არსებობს შანსი 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიული შემობრუნების წერტილად იქცეს, რადგან ამომრჩევლის ხმა ქვეყნის მომავალს "არა ოთხი წლით, არამედ ათწლეულებით განსაზღვრავს".

"მეგობრებო, ცვლილებები მოხდება მაშინ, თუკი ყველანი ვირწმუნებთ ამას და ვიმოქმედებთ ამ რწმენით. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი პატრიოტი, გულანთებული მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე, რადგან ამ უსამართლობასთან შეგუება და შესაძლებლობაზე უარის თქმა დანაშაულია. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება მათ, ვინც 8 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებას ანგრევდა, კვლავ ჩვენ ნაცვლად გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი. მე მჯერა თქვენი, რომ ყველა ერთად ავირჩევთ აღმშენებლობას და უკეთეს მომავალს. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია შევქმნათ თავისუფალი და უსაფრთხო გარემო ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეული დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით მივაღწევთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით დავამკვიდრებთ ქვეყანაში კანონის უზენაესობას, დემოკრატიის ევროპულ სტანდარტს, დეპოლიტიზებულ პოლიციას და სამართლიან სასამართლოს. მე მჯერა, ჩვენი ერთიანობით შეგვიძლია, დავამარცხოთ სიღარიბე და უსამართლობა", — აღნიშნა ვაშაძემ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, გამარჯვებიდან პირველ 30 დღეშივე მოხდება ყველა პენსიონერისათვის "უსამართლოდ მაღალი 36-40 პროცენტიანი სესხის ჩამოწერა", ასევე პრობლემურ სესხებზე 6-თვიანი მორატორიუმი უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე, 2020 წელს მისაღები 5 მილიარდიდან 500 მილიონი ლარის მობილიზაცია პრობლემური სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის (ფიზიკური პირები, ვინც დაკარგეს სამასხური, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს). გამარჯვების შემთხვევაში პარტია ასევე გეგმავს დეკემბრის თვეში, პირველივე ინიციატივით დაიწყოს მედიკამენტების 30 პროცენტიანი გაიაფების პროცესი., დანერგოს წამალზე ფასწარმოქმნის გამჭირვალე ევროპულ სტანდარტი., ააწყოს გამართული ტესტირება/დიაგნოსტიკის სისტემა/ქსელო მთელი ქვეყნის მასშტაბით და გაასამმაგოს (7000 ტესტი საშუალო მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში) დღიურად ჩატარებული ტესტების საშუალო მონაცემი, რაც დღეში, არანაკლებ 20 000 ტესტს უდრის.

"კიდევ ერთხელ გთხოვთ, დღეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება არ უნდა გახდეს ჩვენი სახლში დარჩენის მიზეზი, და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება.
სწორედ ეპიდუსაფრთხოების წესების დაცვით, უფრო მობილიზებულად და ორგანიზებულად მივიდეთ არჩევნებზე, ვუთხრათ უარი მათ, სიღარიბეს, კრიმინალს, უმუშევრობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას, ჩვენი საერთო გამარჯვებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.