აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებისას შესაძლო კანონდარღვევის შესწავლა უკვე დაწყვებულია და უწყებაში 12 ადამიანი გასაუბრების მიზნით დაიბარეს კიდეც, თუმცა მხოლოდ 2 გამოცხადდა. სავარაუდოდ, საუბარია ცენტრ დოსიეს გამოძიებაზე.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში, დაიწყო მპგ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შესწავლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია შემომწირველი პირების შემოსავლების შესახებ. ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან შემომწირველი პირების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. შემოსავლების დასაბუთების მიზნით გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის მოწვეულ იქნა 12 პირი, თუმცა შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო, დღევანდელი მდგომარეობით, გამოცხადდა მხოლოდ 2 შემომწირველი", — აცხადებენ უწყებაში.

მათივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების ჩატარებას პატრიოტთა ალიანსის დანარჩენი შემომწირველების ფინანსების შესწავლის მიზნით.

საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ დოსიე, რომლის მიზანიც კრემლის კრიმინალური ჯგუფების მხილებაა, 24 და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშებში პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. დოსიეს მტკიცებით, ანგარიშები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებს ეფუძნება და მათში კრემლთან დაახლოებული ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან ურთიერთობებს კურირებს.