საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება.

პოლიციის შენობაში შესვლისას გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრა სავარაუდოდ, რადენიმე დღის წინ საქართველოს ბანკზე განხორციელებულ ძარცვას ეხება.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ მძარცველმა ფული წაიღო, თუმცა რამდენი არ დაუკონკრეტებია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ბიუჯეტის ფული არ წაუღია და მას საქართველოს ბანკის თანხა გაიყოლა.

გაიგე მეტი: