პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პაატა ბურჭულაძესთან ალიანსი "სრული იდიოტობა" იყო. ასე უპასუხა მან On.ge-ს კითხვას ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს გირჩმა განაცხადა, რომ მათ პაატა ბურჭულაძის შანტაჟს ვერ გაუძლეს და ბლოკი დატოვეს. პაატა ბურჭულაძის განმარტებით კი, მან შეიტყო ბიძინა ივანიშვილის მიერ გირჩის დაფინანსების ამბავი და ამიტომ ისინი ბლოკიდან გააგდო.

ზურაბ ჯაფარიძე მაშინ ამბობდა, რომ პაატა ბურჭულაძე მას კონკრეტულ თანხას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩის წევრებს სიიდან ამოიღებდა:

"როგორც იცით ხვალ არის ბოლო ვადა საპარლამენტო სიებში ცვლილების შეტანის. დამირეკეს და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა შეხვედრა. მე წავედი ამ შეხვედრაზე და მან მითხრა, რომ უნდოდა გირჩის წევრები ამოეღო სიიდან, ჩემზე არ იყო საუბარი, მე სიაში დავრჩებოდი და გავიდოდი პარლამენტში, მაგრამ სხვები უნდოდა ამოეღო. ადგილი ჰქონდა კონკრეტულ რაღაცას: ეს ადამიანი მაშანტაჟებდა მე პირადად, რომ თუ გირჩი ვერ შეძლებდა ფინანსების მოტანას, მაშინ გირჩის წევრებს ამოიღებდა სიიდან, რაზეც ცხადია მე უარი განვაცხადე. ეს ადამიანი ითხოვდა კონკრეტულ ფულს და დიდი ალბათობით მას ეს პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.

ბლოკში გაწევრიანების დღიან ჩვენ დაგვხვდა უამრავი პრობლემა. პრობლემები იყო მენეჯმენტის თვალსაზრისით, ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი იყო დაულაგებელი. არსებობს ათობით ათასი კოორდინატორი და ისინი დამემოწმებიან, რომ დღემდე ელოდებიან კონკრეტული ანაზღაურების მიღებას. დაგვხვდა ვალები. ჩვენ ვცდილობდით მოგვეგვარებინა მენეჯმენტის და ფინანსური პრობლემები. დღეს კონკრეტული რაღაც მოხდა რის გამოც გირჩმა დატოვა ეს ბლოკი და ამას ხაზს ვუსვამ", — ამბობდა ჯაფარიძე.

ბურჭულაძემ მაშინ განაცხადა, რომ მას ერჩია დამოუკიდებლად დარჩენილიყო და არ მიეღო სხვისი დაფინანსება.