ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კორონავირუსის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, დიდი ტყუილია, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა. მისი თქმით, ქვეყანა ინარჩუნებს სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს.

"მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით "რაც უარესი, მით უკეთესი", ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია. დიდი ტყუილი. COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი)", — წერს ცერცვაძე ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

ამ წერილში ის ექიმებს გიორგი კანდელაკსა და რევაზ ბოჭორიშვილს მიმართავს, რომლებმაც კოვიდთან ბრძოლის ქართული ტაქტიკა გააკრიტიკეს. ცერცვაძე მოუწოდებს მათ შეამოწმონ სხვადასხვა სტატისტიკა.

"ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ის, Worldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს. გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს "სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ", მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას", — წერს ის.

საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 412 გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 26 503 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 10 163 გამოჯანმრთელდა, ხოლო 193 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 571, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 1 848

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: