ლელოს გენერალური მდივანი და საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის შესწირავენ ფულს, როგორც გერმანიაშია. ასე უპასუხა ჯაფარიძემ On.ge-ს კითხვას, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა საპატრიარქო სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.

"არსებობს მოსაზრება და მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ლეგიტიმური და საინტერესო, რომ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ, ვის შესწირავენ ფულს. ასეა გერმანიაში. საკუთარი ხელფასიდან, რა თქმა უნდა. ამის შემდეგ ეს მუდმივი საუბარი, რომ 25 მილიონი ბევრია, დასრულდება. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი შეუვა ამ გზით საპატრიარქოს, ვიდრე 25 მილიონი. ეს რომ არ იყოს მუდმივად საჯილდაო ქვა, თვითონ გადაწყვიტოს ყველამ. ავიღოთ გერმანიის მაგალითი, არ არის ეს ცუდი", — გვითხრა მან.

მისივე თქმით, თუ ვინმეს მოუნდება, სხვა ეკლესიას შესწიროს, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება და შეიძლება ამან ეს კამათი და მსჯელობა დაასრულოს.

"მინდა, ეს თემა არ იყოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, გამოყენებული გალაშქრებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო იქნება და ერთხელ და სამუდამოდ ამ საუბარს დაასრულებს", — განაცხადა მან.

ჯაფარიძე ასევე მიიჩნევს, რომ შემდეგ საპატრიარქო თავად გადაწყვეტს, როგორ წარმართოს ეს ხარჯები.

ამავე თემაზე: