რუსეთის მთავრობისგან დაფინანსებულმა ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო, ადგილობრივ და საავიაციო ქსელებში შეაღწიეს და მინიმუმ, ორი სერვერიდან ინფორმაცია მოიპარეს. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს კიბერუსაფრთხოების სააგენტომ გამოაქვეყნა.

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, კი რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ენერგეტიკულ კომპანიებზე თავდასხმებითაა ცნობილი, ამერიკის სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობების წინააღმდეგ კამპანია ჩაატარა.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჰაკერებმა მინიმუმ, ორი სერვერის ინფორმაცია მოიპოვეს, სააგენტოები ამბობენ, ჯერჯერობით ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავენ, რომ მათ ნებისმიერ სახელმწიფო, საარჩევნო, საგანმანათლებლო ან საავიაციო ოპერაციას ხელი შეუშალეს.

თუმცა, რამდენადაც ცნობილია რუსეთის ზრახვები, მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, ჰაკერების მიზანი მოგვიანებით დოკუმენტების მოპარვა და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა იყოს.