ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ვერ მოუტანა ხალხს კეთილდღეობა, ვერ დაიცვა ხალხის ჯანმრთელობა და ვერ მოუტანა ქვეყანას უსაფრთხოება, ამრიგად ის უნდა წავიდეს 31 ოქტომბერს.

"ყველა ენერგიულად ვხვდებით 31 ოქტომბერს, დღეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს გაგრძელდება საქართველოში ის უკუსვლა, უიმედობა და ჭაობი, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილის გუნდმა, თუ მივაღწევთ გარდამტეხ ცვლილებებს და წავალთ წინ.

რატომ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. მოდით შევხედოთ რა მოგვიტანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. რა ევალება მთავრობას? მას ევალება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ადამიანების დასაქმება და მათი სოციალური დაცვა. რა ხდება დღეს საქართველოში? ყოველდღე მატულობს უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები, გაჭირვება და პრობლემები, ანუ ამ მთავრობამ ვერ შეასრულა მისი პირველი და მთავარი ამოცანა, ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანა და ხალხის სოციალურად დაცვა, ამიტომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს.

მთავრობას ევალება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ყველა ვხედავთ დღეს რა სიტუაცია შეიქმნა საქართველოში, როდესაც ასე ზარზეიმით დამარცხებული კორონავირუსი, როცა 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მთავრობა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები ვინც ვირუსი დაამარცხა, ახლა რას გვეუბნებიან? რომ თურმე პირველი ტალღა საერთოდ არ იყო და ახლა არის შემოტევა. თუ ახლა არის შემოტევა, რატომ დავანგრიეთ ეკონომიკა გაზაფხულზე, რატომ დავტოვეთ ხალხი უმუშევარი გაზაფხულზე, რატომ გავაღარიბეთ ჩვენი მოსახლეობა, რატომ შემოვიღეთ მაშინ ისეთი შეზღუდვები, რომ უკვე დღეს ვეღარ შემოგვაქვს ის, როდესაც დღეში თითქმის 2 000 შემთხვევაზე ვართ ასული. ეს არის ამ მთავრობის არაკომპეტენტურობის, უუნარობის, თავის მოწონების და იმის, რომ არაფერი არ აწუხებთ ერთადერთი რამის გარდა, როგორ გამოიყენონ ყველაფერი კაბინეტში შესასვლელად და არჩევნების მოსაგებად. ხელისუფლება ვერ ასრულებს მეორე ძირითად ამოცანასაც, მოსახლეობის სიცოცხლის დაცვას, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს.

მთავრობას ევალება ქვეყანაში წესრიგის დაცვა, მაგრამ ყველა ვხედავთ კრიმინალს, რომელმაც წალეკა საქართველო და ესეც ვერ შეასრულა მთავრობამ.

მთავრობა, რომელსაც ვერ მოაქვს ხალხისთვის კეთილდღეობა და ნორმალური ცხოვრება, რომელიც ვერ იცავს მისი მოსახლეობის ჯანმრთელობას, რომელიც ვერ იცავს ქვეყანაში წესრიგს და უსაფრთხოებას, ეს მთავრობა უნდა წავიდეს და ეს მთავრობა მშვიდობიანად წავა 8 დღეში 31 ოქტომბერს", — განაცხადა ბაქრაძემ.