ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება ამტკიცებდა რომ ყველაზე ეფექტურები იყვნენ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ხოლო ახლა ამტკიცებენ, რომ პირველი ტალღა არც კი ყოფილა და ახლა არის შემოტევა.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ძირითადი ამოცანა, რომ დაეცვა მოსახლეობის სიცოცხლე და ამაშიც ჩაფლავდა, ამრიგად, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს.

"მთავრობას ევალება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ყველა ვხედავთ დღეს რა სიტუაცია შეიქმნა საქართველოში, როდესაც ასე ზარ-ზეიმით დამარცხებული კორონავირუსი, როცა 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მთავრობა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები ვინც ვირუსი დაამარცხა, ახლა რას გვეუბნებიან? რომ თურმე პირველი ტალღა საერთოდ არ იყო და ახლა არის შემოტევა. თუ ახლა არის შემოტევა, რატომ დავანგრიეთ ეკონომიკა გაზაფხულზე, რატომ დავტოვეთ ხალხი უმუშევარი გაზაფხულზე, რატომ გავაღარიბეთ ჩვენი მოსახლეობა, რატომ შემოვიღეთ მაშინ ისეთი შეზღუდვები, რომ უკვე დღეს ვეღარ შემოგვაქვს ის, როდესაც დღეში თითქმის 2 000 შემთხვევაზე ვართ ასული? ეს არის ამ მთავრობის არაკომპეტენტურობის, უუნარობის, თავის მოწონების და იმის, რომ არაფერი არ აწუხებთ ერთადერთი რამის გარდა, როგორ გამოიყენონ ყველაფერი კაბინეტებში შესასვლელად და არჩევნების მოსაგებად. ხელისუფლება ვერ ასრულებს მეორე ძირითად ამოცანასაც, მოსახლეობის სიცოცხლის დაცვას, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს", — განაცხადა ბაქრაძემ.