რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, სერგეი სმირნოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედუზას ცნობით, გარდიანი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეში ფედერალური უსაფრთხოების სამსახური დგას. ისინი ვარაუდობენ, რომ უშიშროებამ ნავალნის წინააღმდეგ ოპერაცია არა მისი მოკვლისთვის, არამედ იმისთვის ჩაატარა, რომ ცალსახა გაფრთხილება მიეცათ და მას რუსეთი დაეტოვებინა.

სმირნოვი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურსა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის სამსახურს (უშიშროების მეორე სამსახური) კოორდინირებდა. ის აღნიშნულ თანამდებობას 2003 წლიდან იკავებდა.

სერგეი სმირნოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რბკ-მ გაავრცელა. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სმირნოვის თანამდებობიდან გათავისუფლება, მის ასაკს უკავშირდება. რუს მაღალჩინოსანს 70 წელი შეუსრულდა.