თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა, რომ ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა იქნება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. აღნიშნულზე ხმალაძემ სატრანსპორტო რეფორმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

"ეს მარშუტები არსებულ ქსელს ემატება და იქ არ მოხდება ჩანაცვლება პირველ ეტაპზე. მოქალაქეს, რომელიც დღეს კონკრეტული მარშუტით სარგებლობს, ისევ შეუძლია იმ მარშუტით ისარგებლოს, მაგრამ დამატებით ვაწვდით, ასევე, ახალ მარშუტებს", — განაცხადა ვიცე-მერმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, 143 ერთეული MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი, 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი, 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ექსპლუატაციაში გაუშვა. მათივე თქმით, 2021 წელს, 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენაა დაგეგმილი.