საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, ხელისუფლების მიზანი უზენაესი სასამართლოს კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება არ ყოფილა. ორგანიზაციამ გამოქვეყნებული ანგარიშით უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვანი მოვლენები და საკანონმდებლო ცვლილებები მიმოიხილა და განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის საბოლოო შედეგმა აჩვენა.

TI-ს განცხადებით, ინამდვილეში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, ფორმალური ხასიათის იყო. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრაზე არჩეულ 14 მოსამართლეთა უმრავლესობა სასამართლოში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ან ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად აღიქმება.

TI-ს თქმით, ხელისუფლების მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესმა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილის უგულვებელყოფამ, მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას.