როგორც ჩანს, გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერი გატეხეს. როგორც ნიდერლანდელი მკვლევარი ვიქტორ ჯივერსი ამბობს, მან უბრალოდ ივარაუდა, რომ პრეზიდენტის სოციალური ქსელის პაროლი, შესაძლოა, მისი კამპანიის სახელი "maga2020!" ყოფილიყო და მართალიც აღმოჩნდა.

ანგარიშში შესვლის შემდეგ, უსაფრთხოების ექსპერტ ჯივერსს, წვდომა ჰქონდა ტრამპის მესიჯებზე, შეეძლო შეეცვალა მისი სახელი, პროფილის სურათი, დაეტვიტა და ა.შ. მისი სიტყვებით, მან მეხუთე ცდაზე გამოიცნო პრეზიდენტის საყვარელი სოციალური ქსელის პაროლი. MAGA ტრამპის საარჩევნო სლოგანია და იკითხება, როგორც Make America Great Again [გავხადოთ ამერიკა ძველებურად დიდებული].

"მეგონა, რომ 4 მცდელობის შემდეგ დავიბლოკებოდი, ან ტვიტერი კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას მაინც მომთხოვდა", — ამბობს ჯივერსი ადგილობრივ მედიასთან, De Volkskrant-თან საუბრისას.

თავის მხრივ, ტვიტერი აცხადებს, რომ უსაფრთხოების პრობლემა არ დაფიქსირებულა და დასძენს, რომ პლატფორმაზე მომხმარებლების, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებული პირების უსაფრთხოება დაცულია.

თუმცა, ჯივერსი ამბობს, რომ ტრამპს ორმაგი ვერიფიკაცია გააქტიურებული არ ჰქონდა და ის პრეზიდენტის ანგარიშზე მეორე დღეს ჩაირთო. ის დასძენს, რომ ორ დღეში საიდუმლო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უსაფრთხოების პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ჯივერსმა ტრამპის ტვიტერის პაროლი გამოიცნო. 2016 წელს, პრეზიდენტად არჩევამდე, მისი პაროლი "yourefired" [სამსახურიდან გათავისუფლებული ხარ] იყო, ფრაზა, რომელსაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობამდე სატელევიზიო რეალით შოუში, The Apprentice-ში იყენებდა.