შესაძლოა, ვიღაც მიამიტურად ფიქრობდეს, რომ ადამიანი, რომელიც ლიტერატურულ სამყაროს ქმნის, ისეთივე მშვიდი, გაწონასწორებული და უშფოთველია, როგორიც, ალბათ, ვინმეს ღმერთი, მთელი ჩვენი სამყაროს შემოქმედი წარმოუდგენია: მას არ ადარდებს მეტოქეობა, თვითკმარი და გულმოწყალეა. თუმცა ეს შედარება რელევანტურიც რომ იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა რელიგიასა თუ რწმენა წარმოდგენებში ღმერთს ამ ყველაფერთან ერთად მრისხანება, წყევლა-კრულვა და სასჯელის დაუნდობლად მოვლენაც ახასიათებს.

შესაბამისად, როცა მწერლებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მათი შემოქმედებითი საქმიანობის გამო მცდარი მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც მათი ნაწარმოებების მკითხველები, ან თუნდაც მათსავე წიგნებში აღწერილი პერსონაჟები. სწორედ ამის გამო, გასაკვირი სულაც არ არის, რომ არც ისე იშვიათად მწერალსაც არ ეპრიანება, როცა ვინმე მასზე კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს ან სხვა ავტორი, რომელიც თავად არაფრად მიაჩნია, მასზე დიდ სახელს რომ მოიხვეჭს, გულზე შემოეყრება ხოლმე.

რამდენად მრავალფეროვანიც შეიძლება იყოს ზოგადად კონფლიქტის დაწყების მიზეზი, სწორედ ამდენივე განსხვავებული გარემოება აქვთ ავტორებსაც, რომ ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებოდეთ და ამაში მათი საერთო საქმის პატივისცემა ხელს სულაც არ უშლით, უფრო — პირიქით. ამის საილუსტრაციოდ ლიტერატურის ისტორიიდან რამდენიმე ცნობილ შემთხვევას ამ სტატიაში მოვუყარეთ თავი, როცა მწერლებმა ერთმანეთი ნამდვილად არ დაინდეს.

უილიამ ფოლკნერი და ერნესტ ჰემინგუეი

ფოტო: Public Domain / JFK Library

მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ამ ორი გამორჩეული მწერლის ურთიერთობა თამამად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ხმაური და მძვინვარება. ისე აღმოჩნდა, რომ უილიამ ფოლკნერმა და ერნესტ ჰემინგუეიმ სახელი დაახლოებით დროის ერთ მონაკვეთში მოიხვეჭეს, რაც დიდად არცერთს ეპიტნავებოდა: მათი ლიტერატურული გემოვნება მეტწილად არ ემთხვეოდა ერთმანეთს და მაგალითად, ფოლკნერი მიიჩნევდა, რომ ჰემინგუეის წერის სტილი მეტისმეტად პრიმიტიული იყო.

1947 წელს ფოლკნერი მისისიპის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც სტუდენტმა სთხოვა, სხვა თანამედროვე მწერლებს შორის მნიშვნელობის მიხედვით საკუთარი ადგილი განესაზღვრა. ფოლკნერმა კი ასე უპასუხა:

1 "თომას ვულფი: ის გაბედული იყო და იმდენის დაწერა შეძლო, რამდენ ხანსაც დასცალდა სიცოცხლე;
2. უილიამ ფოლკნერი;
3. დოს პასოსი;
4. ერნესტ ჰემინგუეი: მას სიმამაცე აკლია და არასდროს მიდის რისკზე. არასდროს დაუწერია ერთი სიტყვაც კი, რომელსაც მკითხველი ლექსიკონში გადაამოწმებდა, რამდენად სწორად აქვს გამოყენებული;
5. ჯონ სტაინბეკი: ერთ დროს მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი, ახლა უკვე აღარ ვიცი."

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჰემინგუეის ყურამდეც მივიდა. 1966 წელს ჰემინგუეის ახლო მეგობარმა, აარონ ჰაჩნერმა მწერლის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი Papa Hemingway: A Personal Memoir (მამა ჰემინგუეი: პირადი მემუარები) გამოაქვეყნა, რომელშიც სწორედ ფოლკნერის მოსაზრებაზე პასუხს ვიგებთ:

"საწყალი ფოლკნერი. მართლა ფიქრობს, რომ დიდი ემოციების გადმოცემა მხოლოდ დიდი სიტყვებითაა შესაძლებელი? მას ჰგონია, რომ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ იწერება ათდოლარიანი სიტყვები, არადა ძალიან კარგადაც ვიცი. მაგრამ არსებობს უფრო ძველი, მარტივი და უკეთესი სიტყვები, რომელთაც უპირატესობას ვანიჭებ", — უთქვამს ერნესტ ჰემინგუეის.

ჯონ აპდაიკი და სალმან რუშდი

ფოტო: Ulf Andersen / Thomas Prior

სალმან რუშდი ლიტერატურულ სამყაროში თავისი ბასრი ენითაა ცნობილი, რაც შემდეგ არაერთი პროვოკაციის მიზეზი გამხდარა და ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ხომეინი, რომელმაც ამ ინდური წარმოშობის მწერალს ფატვა გამოუცხადა, ერთადერთი არ არის, ვისთანაც მას უთანხმოება მოუვიდა.

2005 წელს ჟურნალ New Yorker-ში ამერიკელმა მწერალმა ჯონ აპდაიკმა სალმან რუშდის რომანის Shalimar the Clown (კლოუნი შალიმარი) შესახებ რეცენზია გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება:

"რატომ, ოჰ, რატომ შეურჩია სალმან რუშდიმ თავისი ახალი რომანის ერთ-ერთ მთავარ გმირს სახელად მაქსიმილიან ოფიულსი?"

აპდაიკი რუშდის უწუნებს გადაწყვეტილებას, რომ თავის პერსონაჟს ცნობილი გერმანელი რეჟისორის სახელი დაარქვა ისე, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ. ამ შეფასებას მოგვიანებით რუშდი The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა:

"სახელი უბრალოდ სახელია. "რატომ, ოჰ, რატომ..." და რატომაც არა? სადღაც ლას-ვეგასში, ალბათ, არის ვიღაც მეძავი კაცი, რომელსაც ასევე ჯონ აპდაიკი ჰქვია. რაც აპდაიკთან დაკავშირებით ყველაზე მეტად მიცრუებს გულს, არის ის, რომ მან რეცენზიაში არაფერი თქვა თავის ცოტა ხნის წინ დასრულებულ რომანზე, რომელიც ტერორიზმზე დაწერა. მას ჩემი მოშორება უნდა, რათა თავისთვის გამოითავისუფლოს ადგილი. მე არ ვიზიარებ მისი შემოქმედების მიმართ ინგლისელების განსაკუთრებულ სიმპათიას. თუ მის რომანებს ბაჭია გამდიდრდა და ბაჭია ისვენებს გვერდზე გადავდებთ, ასევე რამდენიმე მოკლე მოთხრობასაც, მაშინ ხელში შეგვრჩება მხოლოდ... უმნიშვნელო... ნაგავი. მისი ბოლო რომანიც (ტერორისტი) საშინელებაა. სჯობდა, თავის ვიწრო სამეზობლოში დარჩენილიყო და ცოლების გაცვლაზე წერა გაეგრძელებინა, რადგან სწორედ ამის კეთება გამოსდის მხოლოდ... ამ ყველაფრის თქმის უფლება მაქვს, რადგან ძალიან უხეშად მომექცა".

გაბრიელ გარსია მარკესი და მარიო ვარგას ლიოსა

ფოტო: Nuevo Periodismo / ARILD VÅGEN

სანამ კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესი და პერუელი მარიო ვარგას ლიოსა მტრებად გადაიქცეოდნენ, ისინი ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა 70-იანი წლების ბოლოს ყველაფერი ერთმა შემთხვევამ შეცვალა. 1976 წლის 12 თებერვალს ქალაქ მეხიკოში ფილმის პრემიერაზე ეს ორი სახელგანთქმული ლათინურამერიკული მწერალი კინოთეატრში გადაეყარა ერთმანეთს. ამ მოულოდნელი დამთხვევის გამო მარკესი გახარებული შეეგება მეგობარს, ლიოსამ კი სანაცვლოდ სახეში მუშტი მიაგება და მიაძახა: "როგორ ბედავ მოსალმებას მას შემდეგ, რაც პატრიციას გაუკეთე ბარსელონაში?"

თუ ვინ არის პატრიცია და რა შუაშია ამ ორი მწერლის დაპირისპირებასთან, New Yorker გვიყვება: პატრიცია ლიოსას ცოლი იყო, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა, თუმცა მწერალმა თვითმფრინავით ერთ-ერთი მგზავრობისას შვედი სტიურდესა გაიცნო, ცოლი მიატოვა და სტოკჰოლმში გაემგზავრა. სწორედ ამ ფაქტით სასოწარკვეთილი პატრიცია თავისი ქმრის მეგობართან, მარკესთან მივიდა რჩევის მისაღებად, მწერალმა კი თავის ცოლთან, მერსედესთან განხილვის შემდეგ პატრიციას ურჩია, რომ ქმარს გაშორებოდა. მოულოდნელად, მარიო ვარგას ლიოსა სტოკჰოლმიდან თავის ცოლს დაუბრუნდა, მარკესის რჩევის შესახებაც გაიგო და სწორედ ამის გამო უთავაზა მას მუშტი სახეში.

ფოტო: Archive Rodrigo Moya

ამ ფაქტიდან მალევე მარკესს თავისმა მეგობარმა და ფოტოგრაფმა, როდრიგო მოიამ ფოტოც გადაუღო და ნაცემი მწერლის მომღიმარი გამოსახულება მალევე ძალიან პოპულარული გახდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში.

"ინციდენტიდან ორი დღეს შემდეგ გადავიღე ეს ფოტო, როცა მარკესი ჩემთან მოვიდა სტუმრად. ძალიან რთული იყო, ის ასე კარგად გამომეყვანა ფოტოში, რადგან პოლიციის მიერ ნაცემს უფრო ჰგავდა", — იხსნებდა ფოტოგრაფი.

აღსანიშნავია, რომ როგორც ამბობენ, პირად უთანხმოებასთან ერთად, ლიოსა და მარკესი ხშირად პოლიტიკური შეხედულებების გამოც ვერ თანხმდებოდნენ: ფიდელ კასტროსთან მეგობრობს გამო ლიოსა მარკესს "კასტროს კურტიზანს" ეძახდა.

მერი მაკკარტი და ლილიან ჰელმანი

ფოტო: Public Domain

ქართველი მკითხველისთვის, ალბათ, ნაკლებად ცნობილია ეს ორი სახელი-გვარი, თუმცა მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურულ წრეებში კარგად ნაცნობი იყო მერი მაკკარტისა და ლილიან ჰელმანის შემოქმედება, უკვე 80-იან წლებში კი მათ შორის დაპირისპირებაც საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.

1979 წელს ცნობილმა ტელეწამყვანმა დიკ კევეტიმ თავის გადაცემაში მერი მაკკარტს სთხოვა, ის მწერლები ჩამოეთვალა, რომლებიც, მისი აზრით, დაუმსახურებლად იყვნენ დაფასებულნი. მაკკარტიმ პირდაპირ ეთერში დაასახელა ჯონ სტაინბეკი, პერლ ბაკი და ლილიან ჰელმანი.

"ის ზედმეტად დაფასებული, ცუდი და ყალბი მწერალია, თუმცა ვფიქრობ, უკვე წარსულს ჩაბარდა კიდეც", — აღნიშნა მერი მაკკარტიმ ლილიან ჰელმანზე საუბრისას.

როცა წამყვანი ჩაეკითხა, მაინც რატომ იყო ჰელმანი ყალბი, მაკკარტიმ მიუგო:

"ყალბია თითოეული სიტყვა, რასაც ის წერს, თუნდაც ეს იყოს კავშირი "და" და არტიკლი "the". მისი თითოეული სიტყვა ტყუილია".

პირდაპირ ეთერში ამ გადაცემის გასვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები მოგვიანებით თავად ტელეწამყვანმა, დიკ კევეტმა გაიხსენა:

"მეორე დილით ვსაუზმობდი, როცა ჩემმა ასისტენტმა დამირეკა და მკითხა, გაზეთები თუ წავიკითხე.
– ჰელმანმა მერი მაკკარტის, ტელეარხსა და შენ გიჩივლათ და 2,5 მილიონ დოლარს ითხოვს, — მითხრა ასისტენტმა.
– მე რა შუაში ვარ? — დავსვი კითხვა და მეორე ტელეფონმაც დარეკა, რომელშიც ვისკისგან და სიგარეტისგან დაბოხებული ნაცნობი ხმა მომესმა.
– რატომ არ დამიცავი?
– არასდროს მიფიქრია, რომ დაცვა გჭირდებოდა, — ვუპასუხე.
– სისულელეა. ყველას გიჩივით."

ლილიან ჰელმანი, რომელსაც ყველა თავისი პიესებით იცნობდა, იმ დროს მდიდარი და ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო, რის გამოც დიდი იყო ალბათობა, რომ სასამართლოზე დავას მოიგებდა. მრავალი თხოვნის მიუხედავად, მან სარჩელი არ გამოიტანა და ეს საქმე მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ ჰელმანის გარდაცვალებით დასრულდა.

ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

მსოფლიო ლიტერატურასთან ერთად მწერლებს შორის დაპირისპირება არ აკლია ქართული ლიტერატურის ისტორიასაც: მარტო მამათა და შვილთა ბრძოლის სახელით ცნობილი პროცესები რად ღირს, როცა ერთ მხარეს ილია და აკაკი, მეორე მხარეს კი გრიგოლ ორბელიანი პოლემიკისას არა მხოლოდ ერთმანეთის შემოქმედებისა თუ მსოფლმხედველობის გაქილიკებას, არამედ პიროვნული ნიშან-თვისებების დამცირებასაც არ მოერიდნენ.

ამის შესახებ ჯერ კიდევ სკოლის პროგრამიდან ბევრი გვსმენია, თუმცა, ალბათ, გაცილებით ემოციური დაპირისპირება, შეიძლება ითქვას, სევდიანიც კი, ვაჟა-ფშაველასა და აკაკი წერეთელს ჰქონდათ: იმ დროს საქვეყნოდ აღიარებულმა მგოსანმა და ვაჟა-ფშაველასთვის წესით ძალიან მნიშვნელოვანმა ხელოვანმა მას სწორედ ის დაუწუნა, რაც ვაჟა-ფშაველას ყველასგან გამოარჩევდა — ენა.

"ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!"

ასე მიმართა 1913 წელს აკაკიმ, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა-ფშაველამ მანამდე, 1908 წელს მის საიუბილეოდ ლექსი დაწერა, სადაც შემდეგ სტრიქონებს ვაწყდებით:

"თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიიღე სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მიძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური,
დღევანდელ დღესა არ ძალიმძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!"

ვაჟას, ცხადია, ძალიან ეწყინებოდა აკაკის მიერ მისი ენის ასე საჯაროდ გაკრიტიკება, რის გამოც მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გასცა პასუხი შემდეგნაირად:

"რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,
ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!
აქაც ხომ ქართველები ვართ,
ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,
მთიელთ სამშობლო თავისა.
და ენა მთისა სიმტკიცით
მსგავსია კლდისა სალისა;
იქნებ, აკლია, არ ვიცი,
ამ ლომს სინაზე ქალისა?
ამისთვის დასაგმობია
და წასაღები წყალისა?!
კაცი მეტყველი, მგრძნობელი,
ცხოვლად ამხელი თვალისა,
ამგვარის ამბის მოწამე,
შემდრკე, დავმუნჯდე ლამისა.
მაინც წინ მივალ, მაინცა,
არ მეშინიან შარისა,
გულს მისვენია ხატადა
ენა მთისა და ბარისა.
მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა".