საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 31 დეკემბერს შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, მას ჰყავს ცოლი და 2 შვილი. მის სახელზეა რეგისტრირებული 157,8 მ2 ბინა წყნეთის გზატკეცილზე და 20 მ2 ავტოსადგომი.

ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა VW Tiguan, მის ცოლს - ნატალია მოწონელიძეს კი - Nissan Tiida. მას და მის ცოლს ბანკში რამდენიმე ანგარიში აქვთ გახსნილი, სადაც კობახიძეს 40 ათასი დოლარი, 500 ევრო და 1 842 ლარი აქვს, მოწონელიძეს კი - 7 430 ლარი. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით 9 500 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციითვეა გათვალისწინებული თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მითითება.

სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარეს დეკლარაციაში ეს ველი არასწორად აქვს მითითებული. 31 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაში წინა წლის შემოსავლებში მიუთითა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი 9 306 ლარი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე მიღებული 9 760 ლარი. ამავე უნივერსიტეტში მისმა ცოლმა 26 425 ლარი გამოიმუშავა, შსს აკადემიაში კი - 5 568 ლარი.

უკვე მეორე დღეა ვებგვერდი - declaration.gov.ge გათიშულია. საჯარო სამსახურის ბიუროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება.