ბრაზილიელი მოხალისე, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის კვლევაში იყო ჩართული, მოკვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბრაზილიის ეროვნული ჯანდაცვის მონიტორინგის სააგენტომ გაავრცელა. მოცემულ მომენტში ბრაზილიაში ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის კვლევა ტარდება და ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

ბრაზილიური საიფორმაციო გაზეთი, O Globo, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაღუპული ვაქცინის კვლევის საკონტროლო ჯგუფში იყო და იგი ექსპერიმენტული ვაქცინით არ აცრილა. მისი დაღუპვის მიზეზი COVID-19 გახდა. საინფორმაციო პორტალმა G1 დაღუპული მოხალისის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება შეძლო. იგი 28 წლის ექიმი აღმოჩნდა, რიო-დე-ჟანეიროდან. მისი პაციენტები ასევე კორონავირუსით ინფიცირებულები გახლდნენ.

ეროვნული ჯანდაცვის მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, მოხალისე ორშაბათს მოკვდა. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო კომიტეტმა კვლევის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

კვლევის პროტოკოლის მიხედვით, მოხალისეთა ნახევარს ექსპერიმენტული ვაქცინით, ხოლო ნახევარს კი მენინგიტის სრულიად უსაფრთხო ვაქცინით ცრიან. გამოვლენილ ყველა გვერდით ეფექტს დამოუკიდებელი ბორდი განიხილავს. ნებისმიერი მწვავე და გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შესაძლოა, კვლევის შეჩერებისა და უფრო ღრმა მოკვლევის მიზეზი გახდეს.

AstraZeneca-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვლევის ინდივიდუალური შემთხვევებზე კომენტარს არ გააკეთებენ, რადგანაც ეს კონფიდენციალურობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ რაიმე ისეთი ეჭვიც კი არ გაჩენილა, რაც კვლევის შეჩერების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მოკვლევის ყველა მოთხოვნილი პროცესი შესრულდა. ყველა მნიშვნელოვანი სამედიცინო მოვლენა გულდასმით მოწმდება მკვლევრების, უსაფრთხოების დამოუკიდებელი კომიტეტისა და მარეგულირებელი ორგანოების მიერ. მათ შეფასებებს, მიმდინარე კვლევის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაიმე სახის ეჭვი არ დაუტოვებია", — აღნიშნა ბრენდან მაკევოიმ, AstraZeneca-ს წარმომადგენელმა.

ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაადასტურა, რომ მოხალისის სიკვდილის შემთხვევა დამოუკიდებელმა კომისიამ უკვე განიხილა.

ბრაზილიაში დაფიქსირებული ამ შემთხვევის დეტალურმა მოკვლევამ კლინიკური კვლევის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა არ გააჩინა. ბრაზილიელი მარეგულირებლების მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ანალიზის შემდეგ ჩვენ კლინიკური კვლევის გაგრძელების რეკომენდაცია მივიღეთ

ნაწყვეტი ოქსფორდის უნივერსიტეტის განცხადებიდან

შეგახსენებთ, რომ АstraZeneca-სა და ოქსფორდი უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა გასულ თვეში დროებით მას შემდეგ შეჩერდა, რაც ერთ-ერთი მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ კვლევის პროცესი ბრაზილიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, იაპონიასა და ბრიტანეთში განაახლა. თუმცა, იგი აშშ-ში ჯერ კიდევ დაპაუზებულია.

ვაქცინის შესაქმნელად გამართულ გლობალურ რბოლაში ბრაზილიას საკვანძო ადგილი უჭირავს. ქვეყანას დაავადებასთან მძიმე ბრძოლა აქვს გამოცხადებული და აქ ისტორიულად ვაქცინების მიმართ მიმღებობა მაღალია. ამჟამად, ბრაზილიაში კორონავირუსის პოტენციური 4 ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს, რაც მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური სტატისტიკით, ბრაზილიაში 5 მილიონი ინფიცირებული და 150 ათასი დაღუპულია. აღნიშნული მაჩვენებლით ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.