რუსთავი 2-მა იმ ერთ-ერთი მძევლის, ლაშა შენგელიას ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც თავდამსხმელმა გაქცევისას სხვებთან ერთად გარკვეულ ტერიტორიამდე თან გაიყოლა.

შენგელია ჰყვება, რომ სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. მისი თქმით, თავდამსხმელი უკან იყურებოდა და გზას ამოწმებდა, რაზეც გალდავა ამშვიდებდა, რომ არავინ მისდევდა.

"მე სადაც გეტყვით, იქ წადით, თუ არა და გავხსნი ყუმბარასო. ეჭირა და ხელიდან ხელში გადაჰქონდა ეს ყუმბარა. თვითონაც კონკრეტულად სად წასულიყო, არ იცოდა. გვითხრა, წავედით წალენჯიხისკენ, ჩვენ წავედით, მერე გადავუხვიეთ. თვითონ გვითხრა, ვინ მივდიოდით მასთან ერთად. ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, რადგან სხვები ქალები იყვნენ. შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან იჯდა მძევალი", — აღნიშნა ლაშა შენგელიამ.

შენგელიამ გაიხსენა, რომ გამტაცებელი მძევლებს სიგარეტის მოწევის ნებას რთავდა, მაგრამ თვითონ არ ეწეოდა, რადგან კვალის დატოვებას ერიდებოდა.

"ბოლოს ჩავიდა ეს კაცი. დაიბარა, მიბრძანდით მანქანით, მე აქ ვიქნები. ერთს გამოიხედავთ და გესვრით, ასე დაგვემუქრა და მიგვატოვა", — განცხადა ლაშა შენგელიამ.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.

გაიგე მეტი: