სამუშაო კვირის ხუთი დღიდან ოთხ დღემდე შემცირების იდეა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ნაკლები, მაგრამ მეტად ნაყოფიერი სამუშაო საათების შემოღებას განიხილავენ. თუმცა, აღნიშნული იდეა ზოგიერთისთვის დაცინვის საგნადაც იქცა.

როგორც თავისუფალი დროის ისტორიკოსი, ვფიქრობ, დიდი მსგავსებაა ზემოთ ხსენებულ მოსაზრებებსა და მე-19 საუკუნეში არსებულ იდეებს შორის — მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირის დღევანდელ გაგებას სწორედ მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. შაბათ-კვირის უქმე დღეებად აღქმა საკმაოდ ახალი ფენომენია.

მე-19 საუკუნეში მთავრობამ ფაბრიკა-ქარხნებში სამუშაო საათები კანონის ძალით შეამცირა და რეგულარული შესვენებები შემოიღო. თუმცა შაბათ-კვირა უქმე დღეებად მთავრობის ინიციატივით კი არ გამოცხადდა, არამედ მთელი რიგი წინააღმდეგობების შედეგად. ამ მოთხოვნების ინიციატორებს შორის იყვნენ სხვადასხვა აქტივისტები, მოძრაობები, პროფკავშირები და, რა თქმა უნდა, თავად დასაქმებულები. თავისუფალი შაბათ-კვირის ფორმირება დიდ ბრიტანეთში ნელი და ეტაპობრივი პროცესი იყო, რითიც არაოფიციალური, თუმცა საყოველთაოდ გავრცელებული ტრადიციები დამარცხდა და სამუშაო კვირა შუაში გაწყდა.

"წმინდა ორშაბათი"

მე-19 საუკუნეში ძირითადად გამოცდილ და კვალიფიციურ ხელოსნებს თავადვე ჰქონდათ ათვისებული სამუშაო გრაფიკი, რამდენადაც დამოუკიდებლად ქირაობდნენ სამუშაო ადგილს და ყოველკვირეულად პასუხისმგებლები იყვნენ სხვადასხვა ნივთების წარმოებაზე, რომლებიც მყიდველთათვის დროულად უნდა მიეწოდებინათ. ამან ბიძგი მისცა "წმინდა ორშაბათის" წარმოშობას. მართალია, "წმინდა ორშაბათის" ტრადიცია ერთგვარად იმეორებდა რელიგიური დასვენების დღეების შინაარსს, თუმცა რეალურად სრულიად სეკულარულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რომელიც მუშების მიერ იყო განსაზღვრული, რათა კვირის განმავლობაში ხანგრძლივი დასვენება ჰქონოდათ.

უქმე დღეებით მთავრობის ინიციატივის წყალობით კი არა, არამედ სხვადასხვა გაერთიანების წინააღმდეგობის შედეგად ვსარგებლობთ.

ფოტო: Getty Images

მუშები მთელი დატვირთვით შრომობდნენ სამშაბათიდან შაბათის ღამემდე, რათა შემდეგ სიამოვნება მიეღოთ კვირით, როგორც ლეგიტიმური დასვენების დღით, რასაც ორშაბათსაც უმატებდნენ, კვირის განმავლობაში დამატებული სამუშაო საათების ასანაზღაურებლად. მე-19 საუკუნის შუა ხანებში "წმინდა ორშაბათი" ბრიტანულ საზოგადოებაში საყოველთაო წესად იქცა. ეს ყველაფერი იმდენად მიღებული გახდა, რომ სხვადასხვა გასართობი და განსატვირთი ღონისძიებები, იქნება ეს თეატრალური დადგები თუ მუსიკალური კონცერტები, სწორედ დასვენების ამ არაოფიციალურ დღეს იმართებოდა.

მუშები ქარხნებში გაცილებით ადრეც მიმართავდნენ "წმინდა ორშაბათის" ტრადიციას, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგანაც ეს პროდუქტიულობას ამცირებდა. მუშები ისეთ რელიგიურ ერთგულებას უცხადებდნენ ამ არაოფიციალურ დასვენების დღეს, რომ დამსაქმებლებს ამ ჩვევის მოშლა გაუჭირდათ. ეს პრაქტიკა განსაკუთრებულად 1870-80-იან წლებში გაძლიერდა.

ყველაფრის მიუხედავად, რელიგიური ინსტიტუტები და პროფკავშირები სამუშაო კვირაში მეტ ოფიციალურ დასვენების დღეს ითხოვდნენ. რელიგიური ინსტიტუტები თვლიდნენ, რომ დასვენების დღეებში შაბათის დამატება მუშათა კლასის "მენტალურ და მორალურ კულტურას" გააუმჯობესებდა. მაგალითად, 1862 წელს წმინდა ჯორჯ ჰევისაიდმა გაზეთ Coventry Herald-ში ბევრი რელიგიური მსახურის მოსაზრება გააჟღერა, რომ შაბათ-კვირა მუშების ძალების აღდგენას მოხმარდებოდა და ასევე მეტი ხალხი შეძლებდა კვირაობით ეკლესიაში მისვლას.

ამავდროულად, პროფკავშირებს სამუშაო კვირის განმავლობაში ისეთი ოფიციალური დასვენების შემოღება სურდათ, რომელიც კონკრეტული წეს-ჩვეულებით (კვირა, როგორც რელიგიური დასვენების დღე) არ იქნებოდა განპირობებული. ის, რომ დღეს შაბათ-კვირას დასვენებით ვსარგებლობთ, ნამდვილად პროფკავშირების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მიღწევაა.

1842 წელს გაერთიანება Early Closing Association დაარსდა. ეს გაერთიანება მოითხოვდა მთავრობისგან, რომ ორშაბათს სრული დღის მუშაობის სანაცვლოდ შაბათს დღის მეორე ნახევარში მუშებს დასვენების უფლება ჰქონოდათ. ამ გაერთიანებამ მთავარ სამრეწველო ქალაქებში თავისი ფილიალები დააარსა, რომელთა წევრებიც ადგილობრივი სამოქალაქო ელიტის წარმომადგენლები, მწარმოებლები და სასულიერო პირები იყვნენ. დამსაქმებლებს ურჩევდნენ, შაბათობით ნახევარგანაკვეთიანი გრაფიკი შემოეღოთ, რადგანაც უკვე ხსენებული გაერთიანება მიიჩნევდა, რომ ეს სამუშაო ძალას სიჯანსაღესა და ენერგიას მეტად შეუნარჩუნებდა.

პროფკავშირები ასევე მიიჩნევდნენ, რომ ნახევარდღიანი სამუშაო შაბათი მუშათა კლასის მიმართ მეტი პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა. ამავდროულად მიაჩნდათ, რომ ამ რეფორმის წყალობით, მუშები ნაკლებად მიეძალებოდნენ ალკოჰოლს და დღის წესრიგიდან ნელ-ნელა ამოაგდებდნენ ისეთ ექსტრემალურ გასართობებს, როგორიცაა მამლების ჩხუბი, რომელიც, როგორც წესი, სწორედ "წმინდა ორშაბათთან" ასოცირდებოდა.

დამსაქმებლებმა აღმოაჩინეს, რომ შაბათ-კვირას დასვენებამ სამსახურის გაცდენების მაჩვენებელი შეამცირა და პროდუქტიულობა გაზარდა.

ფოტო: Getty Images

ისინი, ვინც შაბათი დღის მეორე ნახევარში დასვენებას ითხოვდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ამ დროს სამუშაო კლასი ძალების აღდგენით სიამოვნების მიღებას შეძლებდა, კერძოდ კი სახლიდან გამოსვლას და სასარგებლო, საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავდებოდა. მაგალითად, 1850-იან წლების ბირმინგემში მუშათა უფლებების გაერთიანება გაზეთში Daily News (ყოველდღიური სიახლეები) წერდა, რომ შაბათი განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნებოდა იმ ქალებისა და კაცებისთვის, რომელთაც:

"უყვართ მოგზაურობა ან მებაღეობა ან აქვთ ნებისმიერი სხვა ინტერესი, რომელიც დღის შუქს საჭიროებს. ასეთი ადამიანები ნაყოფიერად გამოიყენებდნენ შაბათის მეორე ნახევარს და ასევე მენტალურ და ფიზიკურ განვითარებას შეძლებდნენ".

ბიზნესის ხელსაყრელი შესაძლებლობა

მთელ ბრიტანეთში გაზრდილი დასვენების საათები ეტაპობრივად ბიზნესის ხელსაყრელ შესაძლებლობად აღიქვეს. მატარებლების ოპერატორებმა მალევე აიტაცეს ეს იდეა და შაბათობით ქვეყნის მასშტაბით ერთდღიანი მგზავრობის ტარიფი გააიაფეს. შაბათ დღეს მეტი მუშის დასვენების გამო თეატრებმა და საკონცერტო დარბაზებმაც თავიანთი გასართობი წარმოდგენები ორშაბათიდან შაბათის ნაშუადღევს გადაიტანეს.

სავარაუდოდ, შაბათის თავისუფლად გამოყენების დამკვიდრებას ყველაზე მეტად დაეხმარა გადაწყვეტილება, რომლითაც ფეხბურთის მატჩების ჩატარების დროდ შაბათის შუადღე განისაზღვრა. ეგრეთ წოდებული "ფეხბურთზე გაგიჟება" 1890-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც ახალმა სამუშაო კვირის სისტემამ დაიწყო ფორმირება. შესაბამისად, შაბათის მეორე ნახევარი მუშებისთვის დასვენების ძალიან მიმზიდველ დროდ იქცა, რადგანაც იაფი ექსკურსიები იმართებოდა და სულ უფრო მეტი განტვირთვის ახალი და საინტერესო საშუალება ჩნდებოდა.

დღევანდელი შაბათ-კვირის ცნების დამკვიდრება არც სწრაფად მომხდარა და არც — თანმიმდევრულად, რადგანაც საბოლოო გადაწყვეტილება შაბათთან დაკავშირებით მაინც ფაბრიკა-ქარხნის მფლობელზე იყო დამოკიდებული. თავისუფალ შაბათ-კვირის მოთხოვნით აქტიური მოძრაობები 1840-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ დიდად ფეხის მოკიდება შემდეგი 50 წლის განმავლობაშიც კი ვერ შეძლო.

მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე საკმარისი მიზეზი არსებობდა, რომ შაბათის მეორე ნახევარი და კვირა დღე უქმეებად გამოცხადებულიყო. მართალია, დამსაქმებლებს, რელიგიურ ჯგუფებს, გასართობ ორგანიზაციებსა და მუშებს განსხვავებული მიზეზები ჰქონდათ ამ რეფორმის გატარებისთვის, თუმცა საერთო დასკვნამდე მაინც მივიდნენ — შაბათი დღე ხელსაყრელი შესვენება იყო სამუშაო კვირაში.

სწორედ, ამან ჩაუყარა საფუძველი დღეს კარგად ცნობილ 48-საათიან დასვენებას სამუშაო კვირის ბოლოს — მიუხედავად იმისა, რომ ეს მასშტაბურად მხოლოდ 1930-იან წლებში დამკვიდრდა. კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, დამსაქმებლები დარწმუნდნენ, რომ შაბათ-კვირას დასვენებამ სამსახურის გაცდენების მაჩვენებელი შეამცირა და პროდუქტიულობა გაზარდა.