ამერიკის შეერთებული შტატების სენატის იურიდიულმა კომიტეტმა, ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე, ემი ბარეტის კანდიდატის წარდგენას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ 12 ხმა 0-ის წინააღმდეგ გადანაწილდა, კენჭისყრაზე 10-მა დემოკრატმა სენატორმა ბოიკოტი გამოაცხადა და პროტესტის ნიშნად ცარიელ სკამებზე იმ ადამიანების ფოტოები განათავსა, რომლებიც ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემაზე არიან დამოკიდებულნი.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად 48 წლის ემი კონი ბარეტი 27 სექტემბერს წარადგინა. ეს არის მოსამართლეობის მესამე კანდიდატი, რომელიც ტრამპმა თავის საპრეზიდენტო ვადაში დაასახელა.

მოსამართლე ბარეტი მორწმუნე კათოლიკე და აბორტის მოწინააღმდეგეა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ გაუქმდება უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აბორტი დასაშვები გახდა. თვითონ ბარეტი არაერთხელ ირწმუნებოდა, რომ მის რწმენასა და შეხედულებებს საქმეზე არანაირი გავლენა არ ექნებოდა.

ამასთან, ამერიკულ პრესაში აქტიურად განიხილავენ მის კავშირებს ქრისტიანულ ჯგუფთან — People of Praise. როგორც ლგბტ აქტივისტები აცხადებენ, ამ ჯგუფთან დაკავშირებულ სკოლებში წამყვანი პრინციპია, რომ სექსუალური კავშირი დასაშვებია მხოლოდ ჰეტეროსექსუალ დაქორწინებულ წყვილს შორის. ბარეტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრს საიმიგრაციო პოლიტიკასაც.

ახალი მოსამართლის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აშშ-ს უზენაესი სასამართლოს უხუცესი მოსამართლე, რუთ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ერთ-ერთ ლიბერალ მოსამართლედ ითვლებოდა, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.