დავით ხვიბლიანი TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ჰყვება, რომ პოლიციამ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ამოიღო. მისი თქმით, ბანკის ვიდეოკამერის კადრებიც დაამტკიცებს, რომ თავდამსხმელის მოკავშირე არ ყოფილა, რადგან კადრებში ჩანს, როგორ დაადო თავდამსხმელმა იარაღი და დარეკვა აიძულა.

"მე არანაირი პრობლემა არ მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პირიქით, მადლობებს მიხდიან, რომ ისე მოვიქეცი და რაღაცნაირად ის ტყვეები გავათავისუფლე და კავშირზე გავდიოდი", — განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

ხვიბლიანი, ასევე, იხსენებს, რომ როცა თავდამსხმელს ფული მიუტანეს, მას დააჭერინეს, რათა შეეტანა. ხოლო ვინც ფული მიიტანა, თავად გახსნა და აჩვენა თავდამსმხელს.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, მათ შორის იყო დავით ხვიბლიანი, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.

გაიგე მეტი: