ვაკეში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია წუხელ, ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ბრიფინგის იმ მიზნით მოწყობა, რომ ჟურნალისტები გაელანძღა და პარტიული ხაზი შემოეტანა, არასწორი იყო.

"გუშინდელი დღე ძალიან მძიმედ აღვიქვი იმ თვალსაზრისით, რომ რამხელა კრიზისი გვაქვს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს, როდესაც კონსოლიდაციის მცდელობა მაინც უნდა იყოს, იყო ფსკერი. მიდიხარ და პარტიული ნიშნით ყოფ მძევლებს და ნაცისა და ქოცის თემა შემოდის", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, პასუხისმგებლობის წილი მთავრობაზე უფრო მეტი არის, რადგან პოლარიზება შეიტანა ასეთ საკითხში. მისივე განცხადებით, შსს-ს, ნაცვლად ჟურნალისტების კრიტიკისა, მათთან უნდა ეთანამშრომლა და აეხსნა, როგორ ემუშავათ.

"ის, რომ არავინ დაშავდა, ამ ყველაფრის კარგი მხარეა და დასაფასებელია. არავინ არ თქვას, რომ ეგეთ სიტუაციაში მარტივი ამოცანაა. ამასთანავე, ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა, როცა ტერორისტისთვის, თუ ყაჩაღისთვის, თუ რაც ჰქვია, მისთვის წარმატებულად სრულდება. ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მეტყველებს", — აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას განცხადებით, სახელმწიფოს სისუსტე არ იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ამ ამბავზე რაიმეს მეტს გავიგებთ.