ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ვატო წერეთლის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ რომელიმე ტელევიზიის გაჩერების ინტერესი არ არსებობს.

"არავის არავითარი ინტერესი არ აქვს, რომ რომელიმე ტელევიზია, როგორიც არ უნდა იყოს ის, გაჩერდეს საქართველოში. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ხელისუფლება აჩუმებდა, იტაცებდა ტელევიზიებს და საბოლოო ჯამში ჩამოაყალიბეს მონოპოლიური სატელევიზიო გარემო. ამის ინტერესი დღეს არავის არ აქვს და ამის შედეგია ის, რომ დღეს არის სრული პლურალიზმი უზრუნველყოფილი საქართველოში", — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, 2012 წლამდე ვითარება რადიკალურად განსხვავებული იყო, რადგან ხელისუფლების სულისკვეთება იყო განსხვავებული.

TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, ორი პირი ღია საჯარო სივრცეში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამამისს, ავთანდილ წერეთელს, თუ მისი შვილი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა.