ზუგდიდის სპეცოპერაციის მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი მედიასთან გამოჩნდა. დღე-ღამის განმავლობაში გაჩენილი კითხვებიდან ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ ნაწილს უპასუხა, სხვებზე კი დუმილი არჩია და ეს "გამოძიების ინტერესებით" ახსნა.

გაიგეთ, რაზე ისაუბრა მინისტრმა, რას მიიჩნევს უმნიშვნელოდ და რას "ვერ გვეუბნება".

რა პრიორიტეტი ჰქონდა სპეცოპერაციას

ბანკში მძევლები დაახლოებით რვა საათი იყვნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი სვამდა კითხვას, რა გეგმა ან პრიოტიტეტები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში კითხვებს არ პაუხობდნენ და კომუნიკაციაც გართულებული იყო. დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათი პირველი მიზანი იყო მძევლების გადარჩენა და ახლა მეორე მიზანი აქვთ — დამნაშავის დაჭერა.

"ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო. პირველი იყო ჩვენი ამოცანა, რაც დავისახეთ, რა თქმა უნდა, ეს ხელძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ პრემიერთან, მაქსიმალურად იყო დავალება, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი არ დაუშავდეს" ,— განაცხადა მან.

მისივე თქმით, ახლა მუშაობენ იმაზე, რომ თავდამსხმელი დასაჯონ.

"მეორე ეტაპია, ახლა ჩვენი მთავარი თემა, ეს ადამიანი დავაკავოთ, დავიჭიროთ და დავსაჯოთ", — განაცხადა მან.

დამატებით კითხვებს ამის შესახებ გომელაურმა აღარ უპასუხა.

რა გავიგეთ მოლაპარაკებებზე

გუშინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მძევლები და თავდამსხმელი ბანკში იყვნენ, აქტიური განხილვის თემად იქცა, როგორ უნდა წარმართულიყო მოლაპარაკებები. როცა თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებთან კონტაქტზე გავიდა და მისი მოთხოვნები პირდაპირ ეთერში გაჟღერდა, სახელისუფლებო წრეებიდან კრიტიკა ისმოდა. იმ დროისთვის უცნობი იყო, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ბანკში მყოფებთან სამართალდამცავებს და მედია ინფორმაციის გაცვლის ერთადერთ პლატფორმად მიიჩნეოდა.

მინისტრს არ უსაუბრია იმაზე, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია მედიაში გამოჩენამდე, თუმცა განაცხადა, რომ დღის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც ჯერ 14, შემდეგ 7 და 9 ადამიანი გამოუშვეს. მისივე თქმით, მოლაპარაკება ჰქონდათ იმაზეც, რომ ბანკიდან გასვლისას მძევლების ნაცვლად, თავდამსხმელს სამართალდამცავები გაჰყოლოდნენ, რაზეც უარი მიიღეს და თავდამსხმელი, საბოლოოდ, მხოლოდ ერთი მათგანის გაყოლაზე დაითანხმეს.

"ჩვენ შევთავაზეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, რამდენიც შენ გინდა. რა თქმა უნდა, მან უარი გვითხრა. თავიდან საერთოდ უარს ამბობდა, შემდეგ დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო, თანამშრომელი გაეშვა ასეთ საქმეზე. მანვე მადლობა გადაუხადა ავთანდილ გალდავას, სამხარეო პოლიციის უფროსს, რომელიც მძევლებს და თავდამსხმელს გაჰყვა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი

"გაყვა ეს ადამიანი, რაც მოხდა კი იცით. გვთხოვა, მარტო ეს გაყოლოდა, თუმცა უარი გვითხრა, მარტო შენთან ერთად არ წამოვალო, წაიყვანა მძევლებიც, სამი ადამიანი", — განაცხადა მან.

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესში მსოფლიო სტანდარტებით იმოქმედეს.

"მძევალი როცა აყვანილია, ამას აქვს თავისი წესები. ეს არის მსოფლიოში დადგენილი წესები, არ არის არც საქართველოს მოგონილი, არც ვახტანგ გომელაურის მოგონილი, ეს არის მსოფლიო სტანდარტი. კეთდება — A, B, C. ეს არის დაწყება, შესვლა-არ შესვლა, მიცემა, რასაც ითხოვს, ტერორისტისთვის, ტერორისტია თუ ვინც არის, დამნაშავისთვის. ეს არის ჩვეულებრივი და ამ გეგმით ვიმოქმედეთ ჩვენ", — განაცხადა მან.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

რა გავიგეთ გადაცემულ თანხაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ფიქრობს და ამას უმტკიცებდა ჟურნალისტებსაც, რომ მნიშვნელობა არ აქვს, გადასცეს თუ არა თავდამსხმელს თანხა. დაუდასტურებელი იყო ისიც, საერთოდ შესრულდა თუ არა ეს მოთხოვნა, თუმცა რამდენიმე კითხვის შემდეგ მან თქვა, რომ თავდამსხმელს ეს პირობა შეუსრულეს.

"ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე, არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება ათი მილიონი, ასი მილიონი, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ახლა, თქვენ გინდა დადასტურებათ ჩათვალეთ. კი ბატონო, შესრულდა", — განაცხადა მან.

ამის შემდეგ მინისტრი იმასაც ამბობდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა თავდამსხმელმა რამდენი წაიღო. ისევ რამდენიმე ჩაკითხვა გახდა საჭირო იმის გასაგებად, რომ გადაცემული თანხა ნახევარი მილიონი დოლარია.

"რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო. [...] თემა გაჟღერდა, იყო... ჩვენ ვართ იმისთვის, რომ საფრთხე თუ არსებობს ვიმუშაოთ ხო. თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის, იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ ხოდა", — განაცხადა მან.

და ბოლოს, მთავარ კითხვაზე, ვინ მისცა ფული თავდამსხმელს, პასუხის მისაღებად ჟურნალისტებს უფრო მეტი ჩაკითხვა დასჭირდათ.

"რა მნიშვნელობა აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, რა მნიშვნელობა აქვს", — ასე პასუხობდა მინისტრი კითხვას, ვისი თანხა გადაეცა თავდამსხმელს, საბოლოოდ კი თქვა, რომ ეს თანხა ბიუჯეტის არ არის.

ინტერვიუს ბოლოს, მინისტრმა დაადასტურა ისიც, რომ თანხა ბანკში ავთანდილ გალდავამ შეიტანა. მორიგ ჩაკითხვაზე, ვისია ეს თანხა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ბანკის.

"რა მნიშვნელობა აქვს. გითხარით, საქართველოს ბანკის თანხაა. ეს ასე ხდება მსოფლიოში, ბანკში როცა შედიან და აიყვანენ მძევლებს. ყველამ იცის და ისე მეკითხებით. თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყო შესული ხალხი".

მისი თქმით, გამოძიებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ როცა თავდამსხმელს დააკავებენ, გამოვა და ღიად იტყვის, როგორ გადაეცა მას თანხა.

რა გავიგეთ თავდამსხმელის გაქცევაზე

გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა კითხვა, როგორ დააღწია თავი სამართალდამცავებს და სად წავიდა თავდამსხმელი, რომელიც პოლიციის მანქანით გადაადგილდებოდა. ამაზე მინისტრს დღესაც არ უსაუბრია და მხოლოდ ის თქვა, რომ მძარცველმა რამდენიმე საათი იარა მძევლებთან ერთად და ამის მიზანი მიმალვა იყო.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი

"ეს ადამიანი გადავიდა. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა, რთული იყო, ჩვენ ვერ გავწირავდით ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა, ღამის რომელი საათი იყო, გამთენიისას", — განაცხადა მინისტრმა.

გომელაურმა არ უპასუხა კითხვას, რომელ სოფელში დატოვა მან მძევლები და საიდან მიიმალა. მისი თქმით, ერთმა სიტყვამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს გამოძიებას.

"მე რაც არ შემიძლია ვთქვა, ვერ გეტყვით. მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ჩემმა ერთა სიტყვამაც ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა, გვაცალეთ. დღეს გათენდა ხო, დღეს დამთავრდა დილით ეს ღონისძიება", — განაცხადა მან.

რა გავიგეთ შესაძლო თანამზრახველებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თანამზრახველებზე ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა ის ვერც ერთს ვერ დაადასტურებს. მისი თქმით, ყველა მიმართულებით მუშაობენ და შესაძლოა, რომ იმ 43 ადამიანში 10 თანამზრახველი იყო, "ამას ვერავინ იტყვის".

"ვერავინ ვერ იტყვის ამას იყო თუ არ იყო, გამოძიება მიდის. არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების, დააბრალო რაღაც, რაც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში", — განაცხადა მან.

კითხვაზე, იყო თუ არა ნიკა გვარამიას მიერ დასახელებული დავით ხვიბლიანი თავდამსხმელის თანამზრახველი, გომელაური პასუხობს, რომ ეს ადამიანი მძევლებს შორის იყო.

"ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით. 43 ადამიანში ერთ-ერთი იყო დავით ხვიბლიანი, გამოძიება მიდის", — განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, ჯერ არ იციან და გამოძიების დასრულებამდე ვერ იტყვის თანამზრხაველი ან თანამზრახველები მანამდე გაათავისუფლა თავდამსხმელმა, თუ ბანკიდან გასვლის შემდეგ ჰყავდა წაყვანილი.

"ვინ თქვა, რომ მარტო იყო ან ვინ თქვა, რომ მარტო არ იყო. გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს, რა თქმა უნდა", — განაცხადა მან.

რა გავიგეთ გამოკითხულებზე

შს მინისტრის თქმით, გრძელდება როგორც მძევლების, ასევე, თვითმხილველების გამოკითხვა, რომლებიც გარეთ იყვნენ და განვითარებულ მოვლენებს ხედავდნენ.

"ყველას ვკითხავთ, არამარტო შიგნით ვინც იყვნენ, გარედან ვინც დაინახა, როგორ შევიდა, გასროლის დროს და ყველას ვკითხავთ, რა თქმა უნდა", — განაცხადა მან.

რას ვერ გვეტყვის მინისტრი

"გამოძიებაზე ვერ ვისაუბრებ, ბოდიში" — ამ პასუხით მინისტრმა სხვადასხვა საკითხზე არ მოგვაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, ესენია:

  • არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული;
  • სად დატოვა გამტაცებელმა მძევლები;
  • იმყოფება თუ არა თავდამსხმელი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;
  • რა არეალში ეძებენ დამნაშავეს.

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ ზუსტად არ ახსოვს სოფლის სახელი, სადაც მძევლები დატოვეს.