ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახში ძალადობის საქმე სასამართლოს არსებით განსახილველად გადაეცა. არსებითი განხილვა 3 ნოემბერს დაიწყება.

როგორც ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა ფეისბუქზე წერს, მოსამართლემ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და პროკურატურის მტკიცებულებებიდან გამორიცხა ნეკა დოროყაშვილის სხეულის დათვალიერების ოქმი და ფოტო სურათები. ამასთან, დაცვის მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, 11-ტომიან საქმეს გამოაკლდა მხოლოდ ერთი დოკუმენტი — პოლიციის თანამშრომლის მხრიდან დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური ზიანის ამსახველი ოქმი.

როგორც დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე On.ge-სთან განმარტავს, კანონმდებლობაში წერია, რომ პოლიციას შეუძლია შეადგინოს დათვალიერების ადგილის ან ნივთის დათვალიერების ოქმი.

"ანუ არ წერია კანონში ფიზიკური დათვალიერება. სწორედ ამაზე არის აპელირება, რომ რადგან არ წერია, არ ჰქონდა უფლებაო. ამ საფუძვლით ამოიღო მოსამართლემ ეს კონკრეტული დოკუმენტი", — განმარტავს აბაშიძე.

აბაშიძის თქმით, ეს მტკიცებულება საქმისთვის არსებითი არ იყო. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ოქმის შედგენის შემდეგ ნეკა დოროყაშვილს ჩაუტარდა ექსპერტული დათვალიერება, სადაც უფრო დეტალურადაა აღწერილი დაზიანებები.

ორგანიზაციის განცხადებით, მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ ხუთივე ეპიზოდზე, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.

როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ჰყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან დიდი ხნის წინ მოლაპარაკებით დასრულდა.

თვითონ სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.