საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელიწადში, რუსთავში, დაახლოებით, 14 000 ტონამდე მტვრის გაფრქვევა ხდება, რაც 2 000 ტონამდე უნდა შემცირდეს. მინისტრის თქმით, სწორედ ამას ემსახურება მთავრობის მიერ დღეს, 22 ოქტომბერს რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის დამტკიცება.

"2019 წელს ჩვენ განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ქალაქში ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ძირითადი დამაბინძურებელი უმცირესი მყარი ნაწილაკებია, რომლებიც ზოგიერთ სამრეწველო უბანში არსებულ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ 2 წლის თავზე რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს", — განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის ცნობით, ქალაქში ახალი, მწვანე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სახელმწიფო 63 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. თანხა 2021-2022 წლებში უნდა დაიხარჯოს. მისივე თქმით, ეს მოიცავს: ეკობილიკებს, ფეხით სავალ სივრცეებს, არსებული პარკების გაუმჯობესებას, გამწვანებასა და ველობილიკების შექმნას.

"ცვლილებები რუსთავის 25 მსხვილი საწარმოს შეეხება, რომელთა მოდერნიზება, გადაიარაღება მოხდება. მთელ საქართველოში ეს 100 მსხვილ სამრეწველო ობიექტს უნდა შეეხოს", — ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, ახალი საკონმდებლო ცვლილებებით, რომელიც 2020 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, ვალდებულება ჩნდება ბიზნესისთვის მონიტორინგი გაფრქვევებზე მუდმივად აწარმოონ. ასევე, სპეციალური მტვრის შემაკავებელი ფილტრიაციის სისტემები, ჰქონდეთ, რათა გამოფრქვევები შემცირდეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინფორმაციაზე, როგორია ატმოსფერული ჰაეროს მდგომარეობა, მოქალაქეს წვდომა ექნება, იგეგმება მონიტორინგის სადგურების გაზრდაც.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ, დარღევების აღმოჩენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს საწარმოს მუშაობის შეჩერების უფლება ექნება.