საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი სისტემის, უმთავრესი ამოცანაა, რომ ზუგდიდში თავდამსხმელი სასწრაფოდ და უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, მათ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი და უფლება უნდა გამოიყენონ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ სისტემას, უმთავრესი ამოცანა აქვს, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. დღეს ამაზე სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული. იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან, დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომ აღქმაში გაჩენა", — განაცხადა გახარიამ.

გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.

გაიგე მეტი: