სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ განაცხადა, რომ ისიც და მძევლებიც კარგად არიან. პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს წალენჯიხის პოლიციის შენობასთან განუცხადა, სადაც მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის დასაკავებლად. მათი თქმით, ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ დაადასტურა, რომ თავდამსხმელს სამ მძევალთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავაც გაყვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", – აცახდებენ უწყებაში.

შსს არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ მისცეს თუ არა თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა და შეძლო თუ არა მან თანხით გაქცევა.

მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია 13 საათი გრძელდებოდა. შსს-ს განცხადებით, ზუგდიდის ბანკზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14:21-ზე მიიღეს.

თავდამსხმელი, რომელიც ავტომატითა და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული, 500 000 ამერიკულ დოლარს, ასევე, ტერიტორიის დასატოვებლად თვითმფრინავს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას მოითხოვდა. მისი პირობების დარღვევის ან შტურმის მცდელობის შემთხვევაში ის მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ კი, დაახლოებით 11 საათზე თავდამსხმელმა, მძევლებთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდა, უცნობი იყო ის დააკავეს, თუ პირობები დაუკმაყოფილეს და გაუშვეს. ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევლის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა მიიტანა მოთხოვნილი თანხა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ნაწილი კი თან წაიყვანა.

ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო რა მოხდა და სად იყვნენ მძევლები. მოგვიანებით შსს-მ მხოლოდ ის განაცხადა, რომ სპეცოპერაცია გრძელდებოდა და დღის განმავლობაში 43 მძევალი ჰყავდათ გათავისუფლებული.

On.ge-ს წყარომ მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რა ხდებოდა ზუგდიდში, ბანკში, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.

გაიგეთ მეტი: