On.ge-მ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი დაკავებულია. უწყებისგან დასტურის არარსებობის გამო, აღნიშნული მასალა ჩასწორდა და მოგვიანებით ვებგვერდიდან წაიშალა. On.ge ბოდიშს უხდის მკითხველს შეცდომაში შეყვანისთვის.

ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამ მძევალთან ერთად შენობიდან გამოვიდა და ტერიტორია დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, სად და რა მიმართულებით წავიდა ის და დაკავებულია თუ არა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.

ერთ-ერთმა მძევალმა, რომელიც ამ დროის განმავლობაში მედიას ეკონტაქტებოდა ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ პოლიციის წარმომადგენელმა ფული მიიტანა და მძარცველთან ერთად ტერიტორიას რამდენიმე წუთში დატოვებდა. მისი თქმით, სამი კაცის გარდა, ყველა გაუშვეს.

სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დანარჩენმა მძევლებმა შენობა დატოვეს და ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.