საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მძევლის დისკრედიტაციის კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება ძალიან სახიფათოა, რადგან, შეიარაღებული პირის რეალური მიზნები არავინ იცის.

"მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს", — წერს ლომჯარია.

ლომჯარია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოვლენების სწორი აქცენტებით გაშუქება.

"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა", — ამბობს ნინო ლომჯარია.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესარულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ დაწესებული დრო ექვს საათზე ამოიწურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.