შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებებით, ზუგდიდში შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორი მძევალი მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა.

ბორცვაძემ არ თქვა, რამდენი ადამიანი დარჩა ბანკში, ასევე, არც მოლაპარაკებების შინაარსზე გაამახვილა ყურადღება:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში".

გარდა ამისა, ბორცვაძემ სთხოვა მედიასაშუალებებს, რომ შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გააშუქონ.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესარულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ დაწესებული დრო ექვს საათზე ამოიწურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.