პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის გენერალური მდივნის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ზუგდიდის ცენტრში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება როგორც ქრონოლოგიასთან, დროსთან დაკავშირებით, ასევე, წინასაარჩევნოდ ზუგდიდში განსაკუთრებით დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს მიმართებით.

"აგრეთვე, იმ დამატებით ინტერპრეტაციებში პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს პოლიტიკურ დაძაბულობას. მე ვნახე სოციალურ ქსელში თითქმის არ დარჩა პოლიტიკური გუნდი, რომელიც აღნიშნულ ინციდენტს არ აფასებდნენ პოლიტიკურად მოტივირებულად. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ დღეს, სანამ 18 ადამიანი არის მძევლობაში შეუძლებელია დრო პოლიტიკურ შეფასებებს დავუთმოთ", — განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესარულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ დაწესებული დრო ექვს საათზე ამოიწურა.

რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მედიისგან ზუგდიდიდან ლაივსიგნალის გათიშვა მოითხოვა. ამასთან, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა ქართულ ოცნებაშიც. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზოგიერთი მედიის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.