ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მედიასთან კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა და განესაზღვრა უსაფრთხო ადგილები გადაღებისთვის.

ასე ეხმაურება ის On.ge-სთან შსს-ს მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მედიამ ლაივ სიგნალები უნდა გათიშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უწყება კანონით გათვალისწინებულ ბერკეტებს გამოიყენებს.

გოგოსაშვილი ამბობს, რომ მედიას ასეთი შემთხვევების გაშუქებისას პასუხისმგებლობა არ ეხსნება, თუმცა მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდეს კომუნიკაცია ჟურნალისტებთან და უთხრას, რომელი ინფორმაციის გავრცელება ან რომელი ადგილიდან გადაღება არ იქნება სიცოცხლისთვის საშიში.

"მნიშვნელოვანია, ასეთ შემთხვევაში ჰყავდეს შსს-ს სპიკერი, რომელსაც ექნება კომუნიკაცია ჟურნალისტებთან, განუსაზღვრავს ადგილს, საიდანაც შესაძლებელია უსაფრთხო გადაღება. დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, ვფიქრობ, არასწორია და დაუშვებელია ამ შემთხვევაში მედიისკენ ხელის გაშვერა, რადგან, თუ რაიმე მყისიერი საფრთხე არსებობდა, შსს-ს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მაგალითად, სიგნალი ჩაეხშო", — აცხადებს ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი.

გოგოსაშვილის თქმით, მას არ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ყველა რესურსი, რათა თავიდან აერიდებინა საფრთხეები, რომელიც მედიის მხრიდან არასწორ გაშუქებას შეიძლება გამოეწვია.

"არც ბოლო განცხადებაში არის საუბარი, რომ მედიას მისცეს რეკომენდაციები და ეს რეკომენდაციები მედიამ არ შეასრულა. მოწოდებაც ლაივის შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთეს ამდენი საათის შემდეგ. თუ ამდენი ხნის განმავლობაში რაღაცა იყო პრობლემური, მათ შეეძლოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა", — აღნიშნავს გოგოსაშვილი.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესარულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ დაწესებული დრო ექვს საათზე ამოიწურა.

რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მედიისგან ზუგდიდიდან ლაივსიგნალის გათიშვა მოითხოვა. ამასთან, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა ქართულ ოცნებაშიც. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზოგიერთი მედიის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.