საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის თანამშრომელი, დავით ზედელაშილი ამბობს, რომ გაუგებარია რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მედიასთან დაკავშირებული განცხადებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიისგან ზუგდიდიდან ლაივსიგნალი გათიშვა მოითხოვა. ამასთან, საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზოგიერთი მედიასაშუალების ქმედებები "სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც ზედელაშვილი On.ge-სთან განმარტავს, მედიის მიერ მიმდინარე მოვლენების გაშუქება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიებით არის დაცული. ამ საქმიანობაზე შეზღუდვებს კი მკაფიო საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს.

კონსტიტუციონალისტის თქმით, მედიის საქმიანობის შეზღუდვის ასეთი საფუძველი არსებობს მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლში, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეიზღუდოს მედიის ყოფნა კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში.

"ჯერ-ჯერობით ნათელი არაა, აქვს თუ არა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია და ტარდება თუ არა კონტრტერორისტული ოპერაცია. ასეთ დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია მხოლოდ ფიზიკურად შეუზღუდოს მედიას ოპერაციის ჩატარების ზონაში მუშაობა, თუმცა არც სიგნალის ჩახშობის და არც გაშუქების შინაარსობრივი კონტროლის უფლებამოსილება კანონით არ აქვს. შესაბამისად გაუგებარია რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება შსს-ს და ბატონი კობახიძის განცხადებები", — აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესარულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. თავდამსხმელის მიერ დაწესებული დრო ექვს საათზე ამოიწურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. ეს მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას.