შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ მედიამ გათიშოს ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების ლაივსიგნალი. მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა ხელს უშლის სამართალდამცავების მოქმედებას.

"წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა", — განაცხადა ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. კადრების მიხედვით, შენობაში მყოფთაგან არავინაა დაჭრილი. მოთხოვნების შესარულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა. მძევლის თქმით, დრო 6 საათზე იწურება.