ალბათ, გსმენიათ გამოთქმა, რომ ადამიანი "ბუნებით" შემოქმედი ან გამომგონებელია, რაც ცხადია, ჭეშმარიტია. ბავშვობიდანვე ადამიანები გარემოს კვლევას ვიწყებთ და ცნობისმოყვარეობა გვამოძრავებს. ამ ცნობისმოყვარეობამ და თანამშრომლობამ კი საფუძველი უზარმაზარ პროგრესს დაუდო, რომელმაც ჩვენი ცხოვრება გააუმჯობესა და გაახანგრძლივა.

ამ სტატიაში სწორედ ისეთ მიგნებებს განვიხილავთ, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა და გვანახა, რომ პოზიტიური ცვლილებებისთვის გზა სულ არის. არსებობს ეპოქალური გამოგონებები და აღმოჩნები, რომლებმაც მთლიანად სტატუს ქვო გარდაქმნა და მილიონ სხვა მიღწევას დაუდო საფუძველი. მაგალითად, ელექტროენერგია, შიგაწვის ძრავი და ა.შ. მსგავსი აღმოჩენების მნიშვნელობას ხაზგასმაც კი არ სჭირდება.

ამჯერად კი ისეთ მიგნებებს განვიხილავთ, რომლებმაც ადამიანეების სიცოცხლის გახანგრძლივებასა და შენარჩუნებაზე იმოქმედა და გამოგონებებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ქცევა და კომუნიკაციის ფორმა შეცვალა.

1. წყალგაყვანილობის სისტემა

უძველესი წყალგაყვანილობის სისტემა გონიოს ციხეში

უძველესი წყალგაყვანილობის სისტემა გონიოს ციხეში

ფოტო: Wikimedia Commons

ტექნოლოგიებზე საუბრისას, ანტიკურ გამოგონებებს ხშირად ვივიწყებთ. მაგალითად, წყალგაყვანილობის სისტემა მომხიბვლელად არ ჟღერს, რეალურად კი საცხოვრებელ და საჯარო სივრცეებში მისი აქტიური გამოყენება პირდაპირ აისახა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

წყალგამყვანი მილების აქტიური გამოყენება, თავდაპირველად, საჯარო აბანოებში დაიწყო, რომელიც კომუნალურ აბაზანებს წყლით ამარაგებდა და რაც მთავარია, უკვე ნახმარი წყალის გადინებისთვის გამოიყენებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საჯარო აუზები და აბანოები, რომლებშიც წყალი ხშირად არ იცვლებოდა, ბაქტერიული ინფექციების საბადო იყო.

წყალგამყვანი მილები გამოიყენებოდა სასმელი წყლის და საირიგაციო წყლით მომარაგებისთვისაც. თუმცა, ზოგი ცივილიზაცია და კულტურა მსგავს ტექნოლოგიას არ ფლობდა. მაგალითად, მაიას ტომის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა სწორედ წყლის რეზერვუარები იყო, რომელშიც წყალი იწამლებოდა იმის გამო, რომ მთელი სოფლები და ქალაქები წყლის გიგანტურ ავზებზე იყო დამოკიდებული, სადაც ციანობაქტერია გაჩნდა.

წყალგაყვანილობის დახვეწასთან ერთად, გაჩნდა კომპლექსური საკანალიზაციო სისტემებიც, რომელთა დახმარებითაც ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი კოლოსალურად შემცირდა.

2. საპონი — როგორ არჩენს ხელების დაბანა სიცოცხლეს

ფოტო: Getty Images

დაახლოებით, 130 წლის წინ უნგრელი ექიმი, იგნაზ სემელვეისი დაინტერესდა, თუ რატომ იყო მის მშობიარობის კლინიკაში მაღალი სიკვდილიანობა. მის დროს მიკრობები ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი და ექიმებს ეგონათ, რომ დაავადებები მიაზმით, ანუ უსიამოვნო სუნით ვრცელდებოდა.

შესაბამისად, პაციენტებთან ურთიერთობისას ექიმები დიდ სიფრთხილეს არ იჩენდნენ და დაუბანელი ხელებით ატარებდნენ ოპერაციებს. ერთ-ერთმა ექიმმა პაციენტთან მუშაობისას ხელი გაიჭრა, რის შემდეგაც პაციენტი და ექიმი მსგავსი სიმპტომებით მოკვდნენ.

სემელვეისმა ივარაუდა, რომ ექიმზე გვამიდან რაღაც "ნაწილაკი" გადავიდა, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია. თეოირიის დასადასტურებლად, სემელვეისმა ექიმებს ხელების ქლორინით დაბანა უბრძანა, რამაც სამშობიაროში სიკვდილიანობა 18%-იდან 1%-მდე შეამცირა.

1857 წელს, როცა ლუი პასტერმა პათოგენების არსებობა დაადასტურა და 1876 წელს რობერტ კოხმა ანთრაქსის ბაცილა აღმოაჩინა, ექიმებმა ხელების დაბანის მნიშვნელობა გაიაზრეს.

საპონი ვირუსულ და ბაქტერიულ ნაწილაკებს ძალიან მაღალი ეფექტიანობით კლავს. შესაბამისად, ამ პრაქტიკის დანერგვამ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გავრცელების რისკი მრავლჯერ შეამცირა.

3. ორთქლმავალი ძრავა და გლობალური გადაადგილება

ფოტო: Public Domain

ორთქლზე მომუშავე პირველი კომერციული ხელსაწყო მე-17-მე-18 საუკუნეში თომას სავერიმ შექმნა. მისი გარეგანი წვის პირნციპზე მომუშავე დანადგარი, რომელსაც ხშირად პირველ ორთქლზე მომუშავე ძრავად მოიხსენიებენ, რევოლუციური გამოგონება აღმოჩნდა.

ორთქლმავალი ძრავა წვიდან გამოთავისეფულ ორთქლს მილში ან მილებში ატარებს, რითიც დგუშები მოძრაობს და ენერგიის გამოყენება ხდება. ამ პრინციპს დაეყრდნო პირველი ლოკომოტივები და მასობრივი წარმოების ქარხნები. ანუ შექიმნა თანამედროვე გლობარული ტრანსპორტაციისა და წარმოების პროტოტიპი, რამაც ინდუსტრიულ რევოლუციას დაუდო საფუძველი.

ინდუსტრიალიზაცია კი ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდა. ქარხნები და ლოკომოტივები ელვისსისწრაფით შენდებოდა, ადამიანებმა კი სოფლებიდან ქალაქებში მასობრივი მიგრაცია დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა იგივე სამუშაოების შესასრულებლად შიდა წვის ძრავები და ელექტროენერგია გამოიყენება, ორთქლის ძრავების გარეშე, ალბათ, მსგავს პროგრესს ვერ ვიხილავდით.

თანამედროვე ინდუსტრიული მსოფლიო, სავარაუდოდ, სწორედ ორთქლზე მომუშავე ძრავის გამოყენებამ "შექმნა".

4. ინფექციებთან ბრძოლის დასაწყისი — ვაქცინა

ჯენერი ასრულებს პირველ ვაქცინაციას

ჯენერი ასრულებს პირველ ვაქცინაციას

ფოტო: Bettmann Archive/Getty Images

ვაქცინა არის ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ადამიანს კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ შეძენილ იმუნიტეტს აძლევს. ტიპურად, ვაქცინა რამე დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის დასუსტებულ ნაწილაკს შეიცავს, რომლის ადმინისტრირებისას ადამიანის იმუნური სისტემა ისე სტიმულირდება, რომ პათოგენი სამომავლოდ ამოიცნოს.

პირველი ვაქცინა ედვარდ ჯენერმა შექმნა, როცა ის "ძროხის ყვავილის" ვირუსს იკვლევდა. ეს მედიცინაში ერთ-ერთი რევოლუციური აღმოჩენა იყო. ჯენერის მიგნების დახმარებით, ვაქცინები უამრავი დაავადების წინააღმდეგ შეიქმნა, რამაც ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

თუ მანამდე ტეტანუსისგან, ცოფისგან და წითელასგან მილიონობით ადამიანი იხოცებოდა, ახლა ეს ვირუსული ინფექციები ნაკლებად საშიშია. მიუხედავად ამისა, "ანტივაქსერები" ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო აღმოჩენის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობენ. იმის გამო, რომ ვაქცინაცისადმი სკეპტიციზმმა იმატა, ბრიტანეთში წითელა დაბრუნდა, დაავადება, რომელიც ქვეყანაში სრულად აღმოფხვრილი იყო.

5. არაორგანული სასუქი და საკვების მასობრივი წარმოება

ფოტო: Getty Images

ჯონ ბენეტ ლოუსი ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენი იყო, რომელმაც 1800-იან წლებში სასუქის მასობრივი წარმოება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებებს მოსავლისთვის, სოფლის მეურნეობაში, საუკუნეებია იყენებდნენ, სასუქების მასშტაბური წარმოება და დისტრიბუცია ინდუსტრიული რევოლუციის დროს დაიწყო.

სასუქის მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია, ის მცენარის ზრდისთვის აუცილებელ ნაერთებს შეიცავს და ამგვარად, ფერმერებს ნაყოფიერი მოსავლის აღებაში ეხმარება. სასუქების უმეტესობა "პირველად მკვებავებს", მცენარისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, აზოტს, ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. კალციუმი, მაგნეზიუმი და გოგირდი მეორადი მკვებავი ნივთიერებებია.

მცენარეების ზრდის წასახალისებლად ხშირად ეგრეთ წოდებული "მიკრონუტრიენტებიც" საჭიროა, მაგალითად სპილენძი, რკინა, ცინკი, ხანდახან კი სილიკონი და კობალტი.

მონოკულტურები (ერთი და იგივე ჯიშის მცენარეები) არაორგანულ სასუქს ხშირად საჭიროებენ, რადგან დროთა განმავლობაში, სასოფლო სამეურნეო ნიადაგი, რომელიც მცენარეების მასობრივი წარმოებისთვის გამოიყენება, იფიტება. შესაბამისად, არაორგანული სასუქის კომერციალიზაციამ და პოპულარიზაციამ, აგრონომიულ წარმოებას შეუწყო ხელი. რისი შედეგიც ისაა, რომ მსოფლიოში იმაზე მეტი საკვები იწარმოება, ვიდრე კაცობრიობას სჭირდება.

6. პერსონალური კომპიუტერი

ფოტო: Public Domain

დიდი ხნის მანძილზე, კომპიუტერი ძალიან რთული და გიგანტური მოწყობილობა იყო, რომელზე მუშაობა მხოლოდ სპეციალური განათლების მქონე კიბერნეტიკოსებს შეეძლოთ. თუმცა, 50-იანი წლებიდან სიტუაცია შეიცვალა, როცა ნახევარგამტარების ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი გარღვევები მოხდა.

1971 წელს პირველი მიკროკომპიუტერები შეიქმნა, რომლებიც მიკროპროცესორებზე მუშაობდნენ. აშშ-ის მთავრობამ და პენტაგონმა კომპიუტერების განვითარებაში უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო.

პირველ რეალურ პერსონალურ კომპიუტერად Altair 88000 მოიაზრება, რომელიც Micro Instumentation and Telemetry Systems-მა შექმნა, რომელიც მაიკროსოფტის ერთ-ერთ პირველ ოპერაციულ სისტემაზე, Altair BASIC-ზე მუშაობდა.

Apple-ის და Microsoft-ის განვითარებასთან ერთად, პერსონალური კომპიუტერები თანდათანობით სახლებშიც აღმოჩნდა. 1991 წელს კი, ინტერნეტის გასაჯაროების შემდეგ, თანამედროვე ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

Xerox-ის GUI (Graphic User Interface) და აქსესუარებით (მაუსი, კლავიატურა) შთაგონებული კომპიუტერები, დღევანდელ კომპიუტერებს ძალიან გავდა.

7. ხელოვნური თანამგზავრი

პირველი ხელოვნური თანამგზავრი — სპუტნიკ 1

პირველი ხელოვნური თანამგზავრი — სპუტნიკ 1

1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე სპუტნიკ 1 გაუშვა, რომელიც პირველი ხელოვნური თანამგზავრი იყო და პირველი ობიექტი, რომელიც ადამიანმა კოსმოსში გაუშვა.

ეს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური თანამგზავრების პოტენციალზე მეცნიერები Sputnik 1-ის გაშვებამდეც საუბრობდნენ. მაგალითად, 1946 წელს, ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა, ლაიმან სპიტზერმა ივარაუდა, რომ ორბიტაზე კოსმოსური ტელესკოპის განთავსება ასტრონომიას ძალიან დაეხმარებოდა.

1957 წლის 3 ნოემბერს, საბჭოთა კავშირმა სპუტნიკ 2-ით პირველი ცოცხალი ორგანიზმი — ძაღლი სახელად ლაიკა დედამიწის ორბიტაზე გაგზავნა. ამ ორმა მოვლენამ აშშ-ს და სსრკ-ს შორის "კოსმოსურ რბოლას" დაუდო საფუძველი.

სახელმწიფოებს შორის არსებულმა კონკურენციამ ორივე ქვეყანას კოსმოსური ტექნოლოგიების მასშტაბური განვითარებისკენ უბიძგა. Explorer 1 პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრი გახდა, რომელმაც ორბიტას 1958 წლის 31 იანვარს მიაღწია.

დღეს თანამგზავრები მეცნიერებს დედამიწისა და კოსმოსის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან, სანავიგაციო თანამგზავრები კი თანამედროვე ცხოვრებაში კოლოსალურ როლს თამაშობენ.

8. ინტერნეტი

ფოტო: Public Domain

დღევანდელი ინტერნეტის პროტოტიპი 1960-იან წლებში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაკვეთით შეიქმნა. მაას ARPANET ეწოდებოდა, რომელიც რეგიონალურ აკადემიურ და სამხედრო ქსელებს აკავშირებდა.

1980-იან წლებში ინტერნეტს კომერციული სპონსორებიც გამოუჩნდნენ და World Wide Web-ის შემუშავებასთან ერთად, თანამედროვე ინტერნეტი შეიქმნა და 80-იანების მიწურულს, 90-იანების დასაწყისში, ინტერნეტზე წვდომა პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებსაც ჰქონდათ.

პოპულარული გახდა იმეილი, ინტერნეტ ტელევიზია, ონლაინ პრესა, ონლაინ ფორუმები, ონლაინ ვაჭრობა და ასე შემდეგ. გლობალური კომუნიკაცია სამუდამოდ შეიცვალა, რადგან ინტერნეტი, პრაქტიკულად, მთლიანად დეცენტრალიზებული სისტემაა.

დროთა განმავლობაში, სოციალური ქსელების პოპულარიზაციასთან ერთად, ინტერნეტი რეალურად საჯარო სივრცეს დაემსგავსა და ადამიანების ცხოვრებაში სამუდამოდ ინტეგრირდა.

9. კომპიუტერი თქვენს ჯიბეში

ფოტო: Apple

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ სმარტფონებად ჯერ კიდევ ნოკიას და Blackberry-ს მოდელები მოიაზრება. თანამედროვე სმარტფონების წინამორბედად შეგვიძლია პირველი iPhone განვიხილოთ, რომელიც არც სტილუსს იყენებდა და არც ფიზიკურ ღილაკებს.

მიუხედავად იმისა, რომ iPhone პირველი სმარტფონი არ ყოფილა, მან ყველა მომავალი სმარტფონისთვის ერთგვარი ესთეტიკური და პრაქტიკული სტანდარტი შექმნა. შექმნა ფორმულა, რომელსაც შემდგომ ყველა მომავალი სმარტფონის მწარმოებელი მისდევდა.

"ჭკვიანი" ტელეფონების შექმნა გარდამტეხი იმიტომ იყო, რომ პერსონალური კომპიუტერი ადამიანების ჯიბეში აღმოჩნდა. კომპიუტერებს ადამიანები ძირითადად მედიის მოხმარებისთვის და კომუნიკაციისთვის იყენებენ, მსგავსი ფუნქციონალობა კი თანამედროვე სმარტფონებსაც აქვს.

დროთა განმავლობაში, სმარტფონი ადამიანებისთვის გახდა პირველადი კომპიუტერი, მთავარი ვიდეო და ფოტო კამერა, მუსიკის პლეერი და კომუნიკაციის საშუალება. ერთი ხელსაწყო, რომელიც თითქოს სხვა ელექტრონული ხელსაწყოების ნაზავია.

10. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია

ერთ-ერთი პირველი MRI

ერთ-ერთი პირველი MRI

ფოტო: Public Domain

მედიცინისთვის და თანამედროვე დიაგნოსტიკისთვის მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის ტექნოლოგია რევოლუციური აღმოჩნდა. ექიმები მას მთელი წყება დაავადებების აღმოსაჩენად იყენებენ და მთლიანი სხეულის, ისევე როგორ პათოლოგიის რუკის შექმნა შეუძლიათ.

MRI-ს მანქანა ძლიერ მაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომელიც ადამიანის სხეულში არსებულ პროტონებს წაანაცვლებს ისე, რომ ველს დაემთხვეს. შემდგომ, რაღაც რადიოსიხშირეზე პროტონები თანასწორობიდან ვარდებიან. არსებული სხვაობა კი დასურათების საშუალებას იძლევა.

გარდა იმისა, რომ MRI-ის მეშვეობით ექიმებს მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლიათ, უშუალოდ მოწყობილობა სამეცნიერო გადმოსახედიდანაც თვალწარმტაცია. დროთა განმავლობაში, გიგანტური MRI-ის მანქანების უფრო კომპაქტური ვერსიებიც შეიქმნა, რაც მათ გადაადგილებას ამარტივებს და MRI-ის გამოყენება ხშირად საველე პირობებშიც შეიძლება.