საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქუთაისს ელის და ევალება ახალი მისია ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის ახალგარზრდებისთვის.

"მათ აქ უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქედ", — განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს, 21 ოქტომბერს, არჩევნებამდე 10 დღით ადრე გაიხსნა.

უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. მაშინ განაცხადეს, რომ სასწავლო დაწესებულებას სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო. უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდა.