დღეს, 21 ოქტომბერს, ევროპული საქართველოს ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია, "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.

ავტომობილების აქცია დაიწყო უკვე საქართველოს დიდ ქალაქებში. ავტომობილები თბილისისკენ მოემართებიან და სიგნალებით ანიშნებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოიწურა.

ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ამ აქციის მიზანია იმის ხაზგასმა, რომ ყველაფერი ცუდი რაც მოიტანა ივანიშვილის ხელისუფლებამ დასრულდება 10 დღეში.

"გახსოვთ, 2012 წელს ბიძინამ გურიაში დიდ შეხვედრაზე რომ თქვა, შეუპიპინეთ ბიჭებო შეუპიპინეთო? ეხლა, არჩევნებამდე 10 დღეა დარჩენილი და ის დროა, როდესაც ბიძინას უნდა დავუპიპინოთ, რათა გაიგოს, რომ მისი ხელისუფლება, მისი არაფორმალური მმართველობა, ყველაფერი რაც მოიტანა ივანიშვილის ხელისუფლებამ — სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების ზრდა — დამთავრდება 10 დღეში", —განაცხადა გოგორიშვილმა.

შემაჯამებელი აქცია თბილისში, 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრათან გაიმართება.