ტეხასელმა 14 წლის მოსწავლემ ისეთი მოლეკულის იდენტიფიცირება შეძლო, რომელსაც COVID-19-ის ვირუსთან დაკავშირება და პოტენციურად მისი უუნაროდ ქცევა შეუძლია. ამ აღმოჩენის წყალობით კი მან ეროვნული სამეცნიერო შეჯიბრი მოიგო.

ამ მოსწავლემ, სახელად ანიკა ჩებროლუ, კომპიუტერული მოდელირების გამოყენება გადაწყვიტა, რათა ისეთი ნაერთი ეპოვა, რომელიც SARS-CoV-2-ის ცილებს — სტრუქტურას, რომელიც ადამიანის უჯრედებთან დაკავშირებას უზრუნველჰყოფს — მტკიცედ გადაებმებოდა. თეორიულად, მსგავსი მოლეკულა ადამიანის უჯრედებს ინფიცირებისგან დაიცავს.

"COVID-19-ის გავრცელებისა და მისი სიმძიმის გამო, გადავწყვიტე, რომ SARS-CoV-2-ის ვირუსთან ბრძოლის მეთოდი შემეცვალა", — განაცხადა ანიკამ ინტერვიუში.

ჩებროლუმ წლევანდელი შეჯიბრის მოგებისთვის 25 ათასი დოლარი მიიღო. თუმცა, ამ გამარჯვებამდე მისვლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა: იმისთვის, რომ ახალგაზრდა მეცნიერი ამ მოლეკულის აღმოჩენამდე მისულიყო, მან 698 მილიონი ნაერთის მონაცემთა ბაზის ანალიზი დაიწყო.

კორონავირუსის კვლევასთან ერთად, ჩაბროლუმ ასევე გრიპის ვირუსის კვლევაც ჩაატარა, რაც, რეალურად, მის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა.

"მე გრიპის ვირუსის წამლის პოვნა მსურდა, სწორედ ამიტომ, 3 მილიონი ნაერთიდან ერთი პოტენციურად ვარგისი გამოვყავი", — განაცხადა ჩებროლუმ, — "SARS-CoV-2-ის შესაჩერებლად ჩატარებული ჩემი კვლევა რა თქმა უნდა ძალიან მცირე რამაა, თუმცა იმედი მაქვს, რომ იგი მეცნიერებს დაეხმარება".

ჩაბროლუს თქმით, მას სურს რომ 15 წელიწადში სამედიცინო მკვლევარი და პროფესორი იყოს. თავისუფალ დროს კი ის ინდურ კლასიკურ ცეკვას სწავლობს.