მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის ცვლილება არ იგეგმება და მას არ დაემატება არც არასამთავრობო ორგანიზიაციებს, არც სახალხო დამცევლის ოფისის წარმომადგენელები. ასე გამოეხმაურა იგი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ აუცილებელია კრიზისების საბჭოს ფორმატის გაფართოება, რომლის საქმიანობაშიც არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სექტორის ჩართვა უნდა იყოს შესაძლებელი.

"პირდაპირ გიპასუხებთ, რომ — არა. იმიტომ, რომ ეს არ გახლავთ ფორმატი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იხილება, ამაზე მუშაობს ცესკო და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. ეს გახლავთ ფორმატი, სადაც კონკრეტული, სწრაფი გადაწყვეტილებები იმართება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რაიმე ფორმით საბჭო გახდეს არაქმედითი. ჩვენ ძალიან ბევრ პლატფორმებთან, როგორც არასამთავრობოებთან, ისე სახალხო დამცევლთან გვაკავშირებს ძალიან კარგი თანამშრომლობის ისტორია. არ მგონია, რომ რომელიმეს ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვითავლისწინებთ მათ რეკომენდაციებს", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

20 ოქტომბერს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ კოვიდკრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს და მოსახლეობას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში. მათი თქმით, ამისთვის საჭიროა, კრიზისების საბჭოს ფორმატის გაფართოება, რომლის საქმიანობაშიც არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სექტორის ჩართვა იქნება შესაძლებელი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის.