სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის თქმით, საარჩევნო კლიპში სწრაფი მოძრაობა დაგეგმილი არ იყო, თუმცა "ასე გამოუვიდა". მისი თქმით, სწრაფად იმიტომ მოძრაობს, რომ ასეთი სწრაფი ტემპი სჭირდება ქვეყნის განვითარებას. ამის შესახებ ვაშაძემ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, თაკო ჩარკვიანის წარდგენის დროს განაცხადა.

"ბევრი ამბობს, რომ ჩვენს კლიპში ასე სწრაფად რატომ დავდივართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ, ალბათ, ყველამ ნახეთ, ასე გამოვიდა, იცით? არავის არ დაუგეგმია წინასწარ, რომ ჩვენ სწრაფად უნდა გვევლო და ერთი დღე იმაზე ვმსჯელობდით, პირიქით, ხო არ შევანელოთ კადრი-თქო, რა, მაგრამ იცით რატო მივდივართ ასე სწრაფად? აი, ასეთი სწრაფი ტემპი სჭირდება განვითარებას, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გავარღვევთ გაჭირვების მოჯადოებულ წრეს, რომელიც ამ ქვეყანაში არის და დამერწმუნეთ, ამის სტრატეგიებიც გვაქვს და გეგმებიც", — განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის მის თანაპარტიელებთან ერთად სწრაფი მოძრაობით გადაადგილდება და მოსახლეობას სტრატეგია აღმაშენებლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.