დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი მოსახლოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ 112-ში არამიზნობრივი ზარებისგან და "ერთ დახველებაზე" არ დარეკონ.

"მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თავი შევიკავოთ არამიზნობრივი ზარებისგან. პირობითად, ერთ დახველებაზე არ დავრეკოთ 112-ზე. რეალურად, თუ სიმპტომები იქნება და ამ სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის როგორც StopCov.ge-ზე, ასევე, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთ შემთხვევაში დავრეკოთ 112-ზე, რათა მაქსიმალურად დავტოვოთ დრო და სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მივეცეთ პანიკას", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, დღეს, 20 ოქტომბერს 112-ში მოქალაქეებს მოუწოდეს, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არამიზნობრივად 112-ზე არ დარეკონ. 112-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 24 საათის განმავლობაში, 3 000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც, მათივე თქმით, მუშაობის პროცესს აფერხებს. ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად კი, იზრდება დატვირთვაც.

20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 328.

სულ ქვეყანაში 19 857 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 158 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 407 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 2 862; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები — 1420.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: