რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას, სადაც მთავრობას მოუწოდებს, არჩევნებზე რისკების შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

ისინი მიიჩნევენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს ეხება.

"აუცილებელია, გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი, რომლის საქმიანობაში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი აქტორის (მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის) ჩართვა იქნება შესაძლებელი;

შემუშავდეს კოვიდ ინფექციის მართვის გეგმა მისი სხვადასხვა ტემპით გავრცელების სცენარების გათვალისწინებით;

მნიშვნელოვანია, განისაზღვროს კოვიდ ინფიცირებულთა ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდიმიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს", — აცხადებენ ორგანიზაციები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევანის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არ არის ინტერესთა დაბალანსების მართებული გზა.

ისინი თვლიან, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვითა და გამჭვირვალე პროცედურებით იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.

აღნიშნულ განცხადებაში მონაწილეობდნენ შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საფარი
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)