Deutsche Welle-ს ცნობით, ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერი — სვეტლანა ტიხანოვსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო ნობელის პრემიაზე წარადგინეს. სამი ოპოზიციონერი პრემიაზე ნორვეგიელმა დეპუტატმა, გეირ ტოსკედალმა წარადგინა, რომლის თქმით, მათ ეს ჯილდო სამართლიანი არჩევნებისთვისა და ბელარუსის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის შთაგონების საქმეში მიიღეს.

"ბელარუსის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფანტასტიური სიმამაცით გამოირჩევიან. ისინი მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ უფრო მეტად ძალადობს", — განაცხადა ნორვეგიელმა დეპუტატმა.

ის იმედოვნებს, რომ ნობელის პრემიის ნომინაცია კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს მშვიდობიანი მოსახლეობის ბრძოლას ევროპის უკანასკნელი დიქტატორის წინააღმდეგ და ზოგადად, ვინც თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსისთვის იბრძვის.

9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სვეტლანა ტიხანოვსკაია იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მან თავშესაფარი ლიტვაში მიიღო. მინსკსა და მოსკოვში კი მასზე ძებნა გამოაცხადეს. ვერონიკა ცეპკალო, ასევე, იძულებული გახდა ქმართან ერთად ბელარუსი არჩევნების დასრულებისთანავე დაეტოვებინა. ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ, ამ დრომდე დაკავებულია საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა.

საპროტესტო აქციების პარალელურად ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები კვლავ გრძელდება. აქციებზე აკავებენ ათეულობით ადამიანს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებენ.

9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოსახლეობა არ აღიარებს. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაიაც არ ეთანხმება, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ.