საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტმა განათლების პლატფორმა დაიწყო ახალი, ინტერაქტიული მიმართულება დარგე ერთი ნერგი განათლების პლატფორმისთვის.

განათლების პლატფორმა ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო პროექტია და აერთიანებს სასკოლო სახელმძღვანელოებში შესულ ნაწარმოებებს. აგრეთვე, იმ ნაწარმოებებსა და ლექსიკონებს, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად უკავშირდება სასკოლო და პროფესიულ განათლებას. პროექტის ხელმძღვანელია ეროვნული ბიბლიოთკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე.

განათლების პლატფორმის ახალი მიმართულება, დარგე ერთი ნერგი განათლების პლატფორმისთვის მხარდამჭერების, ძირითადად პედაგოგების, მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობას გულისხმობს. ნერგი ამა თუ იმ ნაწარმოების გვერდს ნიშნავს. წიგნი, სტატია, ნაშრომი, პლატფორმის თანახმად, ამ ნერგებისგან შემდგარი ხეივანია. თავდაპირველად მომხმარებლებმა უნდა შეარჩიონ ნაწარმოები, რომლის გაციფრებასაც ისურვებენ. შემდეგ კი უნდა შეიკრიბოს ამ კონკრეტული წიგნის გაციფრების მსურველი ზუსტად იმდენი მოხალისე, რამდენი გვერდისგანაც შედგება წიგნი. თითო მოხალისე თითო გვერდს აკრეფს ანუ თითო ნერგს დარგავს და ეროვნულ ბიბლიოთეკაში გააგზავნის. ასე რომ, ერთობლივი ძალისხმევით, დროის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთში გაციფრებული ლიტერატურა ეროვნული ბიბლიოთეკის განათლების პლატფორმაზე განთავსდება. ასე შეივსება გაციფრებული ლიტერატურის ხეივანი.

განათლების პლატფორმის ახალი მიმართლების დარგე ერთი ნერგი განათლების პლატფორმისთვის საპილოტე ვერსიისთვის თამაზ ჭილაძის ვარდის ფურცლობის ნიშანი შეირჩა. წიგნი 205-გვერდიანია, შესაბამისად, პირველ ხეივანში 205 მხარდამჭერის 205 ნერგი დაირგა, ანუ, თითოეულმა მათგანმა თითო გვერდი გააციფრა. თამაზ ჭილაძის ვარდის ფურცლობის ნიშანი პირველი წიგნია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია განათლების პლატფორმაზე ელექტრონულად, ტექსტურ ფორმატში.

გასაციფრებლად შერჩეულია შემდეგი ორი ნაშრომი: პავლე ინგოროყვას შოთა რუსთაველი. ბიოგრაფიული ესკიზი და თედო სახოკიას ვეფხისტყაოსნის ფიგურალური სიტყვანი და გამოთქმანი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გეპატიჟებათ ყველას — დაუთმეთ სულ რაღაც 15 წუთი, გააციფრეთ ერთი გვერდი და დარგეთ თქვენი ნერგი განათლების პლატფორმისთვის.